უკანასკნელი ორი ხელისუფლების პირობებში საქართველომ გადასახადების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. 2004-დან 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში გადასახადების რაოდენობა 36-დან 6-მდე შემცირდა. თუმცა ბიზნესი საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების ფონზე, სხვადასხვა ფონდში გადახდილი სავალდებულო შესაწირების ზრდაზე საუბრობდა.
წინა ხელისუფლების დროს მიღებული საქართველოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის განაკვეთის გაზრდისთვის, გარდა აქციზისა, საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო.
„საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას;
ამ კანონის ამოქმედების თარიღისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) იმპორტის გადასახადი; ე) აქციზი. ქონების გადასახადის განაკვეთები კი დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესის მიხედვით“, - ნათქვამია „ეკონომიკის თავისუფლების შესახებ“ კანონში, რომელიც ძალაში 2013 წელს შევიდა.
ბოლო 9 წელიწადში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, გადასახადები აღარ/ვეღარ გაიზარდა, გარდა აქციზისა, რომელიც რეფერენდუმს არ მოითხოვს. დღეს საქართველოში არსებული საგადასახადო განაკვეთები ასეთია: მოგების გადასახადი — 15%; დღგ — 18%; საშემოსავლო — 20%; ქონება — 1%; იმპორტის გადასახადი — 5% და 12% სასაქონლო ჯგუფების მიხედვით; აქციზი – დიფერენცირებულია საქონლის ჯგუფების მიხედვით.
სხვადასხვა პროდუქტზე აქციზის გადასახადი პერიოდულად იზრდებოდა, მათ შორისაა - ნავთობპროდუქტები (ბენზინი, დიზელი, გაზი), სიგარეტი და ავტომობილები. თუმცა აქციზის ერთჯერადი ზრდის შემთხვევებიდან, ყველაზე მკვეთრი ზრდა 2017 წლის 1 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა მოხდა. ახალი მოდელის მიხედვით, მოგებით კომპანია მხოლოდ მაშინ იბეგრება, როცა ბიზნესი ფულს ფიზიკურ პირზე ანაწილებს. ამ ცვლილების შედეგად შემცირებული საგადასახადო შემოსავლების კომპენსირება, აქციზის გაზრდის ხარჯზე მოხდა.
შესაბამისად, ხელისუფლებამ ის ერთადერთი გადასახადი, რომლის გაზრდაც შეეძლო, მანამდეც და შემდეგაც არაერთგზის და მნიშვნელოვნად გაზარდა.
გარდა სიგარეტისა და ნავთობპროდუქტებისა, აქციზის გადასახადი იმ ადამიანებსაც გაეზარდათ, ვისაც მარჯვენასაჭიანი მანქანების განბაჟება უწევდათ. მაგალითად, თუ მომხმარებელი შეიძენდა 10 წლამდე მანქანას, რომლის ძრავის მოცულობა 2500 კუბ.სმ-ი იყო, მას 2017 წლის 1 იანვრის ცვლილებებამდე 1250 ლარის გადახდა მოუწევდა, ხოლო ცვლილებების შემდგომ კი - 2750 ლარის. შესაბამისად, მარცხენასაჭიანი მანქანის განბაჟება 2017 წლის ცვლილებების შედეგად 3-ჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მარჯვენასაჭიანის.
აქციზი გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზეც, მაგრამ ნაკლებად ხელშესახები ოდენობით, მაგალითად 1 ლიტრი ლუდის განაკვეთი 12 თეთრია, სხვა დადუღებული სასმელი 5%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით და შუალედური ალკოჰოლიანი სასმელის 5 ლარი. აღნიშნულ ცვლილებებს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, მაშინ როდესაც სიგარეტსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდამ, თავისი უარყოფითი წვლილი ინფლაციაშიც კი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ 84-გვერდიან ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს საგადასახადო სისტემას, რომელსაც ახასიათებს, როგორც „მარტივს“. IMF წერს, რომ საქართველოში მოქმედი საგადასახადო სისტემა და დაბალი საგადასახადო ტვირთი, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრულად ხასიათდება, ამავე დროს არის „ძალიან ხისტი, რეგრესული და ხარვეზიანი“. ამასთან, IMF-ის შეფასებით, საქართველოში პერსონალური საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი მაჩვენებელი არის „არაპროპორციულად მაღალი ტვირთი დაბალი შემოსავლების მქონე პირთათვის“.
ფონდის შეფასებით, საქართველოს საგადასახადო ადმინისტრირება მნიშვნელოვნად გაძლიერდა 2014-2016 წლებში, მაგრამ კიდევ არის შესაძლებელი დამატებითი ზომების მიღება საგადასახადო სისტემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
ნინო თამაზაშვილი