3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით სასტუმრო - “სტამბაში“ ქართველი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენის მოწყობის მიზანი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედების დახმარება იყო და შემოსული თანხები “დედების ფონდის“ საშუალებით შერჩეულ ბენეფიციარებს, კერძოდ საქართველოში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს გადაეცემათ.
ღონისძიება გაიმართა “აჭარა ჯგუფის“ მხარდაჭერით და როგორც “კომერსანტს“ ღონისძიების ორგანიზატორმა - სოფიო დუღაშვილმა განუცხადა: “მიუხედავად იმისა, რომ გამოფენისთვის მზადება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან შედარებით ადრე დავიწყეთ და ბენეფიციარი ოჯახებიც უკვე შერჩეული გვაყვდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსული თანხის 50% ასევე მივმართოთ უკრაინელი დედების დასახმარებლად“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 50 ნამუშევარი, მათ შორის როგორც ქართველი მხატვრების მიერ საქველმოქმედოდ სრულიად უსასყიდლოდ გაღებული ნახატები, ისე კერძო კოლექციონერების მხრიდან თავიანთი პირადი კოლექციებიდან გადაცემული ნამუშევრები.
საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა მხატვრებმა: ალექს ბაზუაშვილი, ამირან კუპრავა, ანი მაღლაკელიძე, ანტონ ბალანჩივაძე, ბესიკ არბოლიშვილი, გელა მიქავა, გია გუგუშვილი, გია მირზაშვილი, გიორგი კუხალაშვილი, გრიგოლ ღვანია, გურამ ხეცურიანი, გარი ნალბანდიანი, დავით ბაძაღუა, დავით ურუშაძე, დავით ფასურიშვილი, დეიკო ალუღიშვილი, ვახო ბუღაძე, ზურაბ გიკაშვილი, თუთუ კილაძე, კახა გიგაური, კოკა ცხვედიანი, ლია შველიძე, მაკრინე ტყებუჩავა, მიშა გოგრიჭიანი, მიხეილ აბრამიშვილი, ნიკა ჯაფარიძე, ნიკო ხერკელძე, ნიკო ცეცხლაძე, ნოდარ ბადურაშვილი, მურთაზ შველიძე, ოთარ ჩაკვეტაძე, ოლეგ ტიმჩენკო, რეზო ემელიანე ადამია, რევაზ გომელაური, რევაზ ცუცქირიძე, რიტა ხაჩატურიანი, ტატიანა ბულია, უშანგი ხუმარაშვილი, ქეთი დავლიანიძე და ქეთი მატაბელი.
წარმოდგენილი ნამუშევრები ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის და მსურველებს მათი შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.
(R)