ქართველი ეკონომისტების 44% თვლის, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ფინანსურ სექტორზე 2023 წლიდან უნდა გავრცელდეს, ამის შესახებ „პი ემ სი კვლევითი ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ეკონომიკური კლიმატის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
საფინანსო სექტორი ესტონური მოდელის გავრცელებას მომდევნო წლიდან ელოდა, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კომერციული ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადავიდოდნენ. პრემიერის თქმით, შესაბამისი ინიციატივით მთავრობა პარლამენტს მიმართავს.
PMCG-ის მიმოხილვაში ერთ-ერთი საკითხი მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საფინანსო სექტორზე გავრცელება იყო. კითხვაზე — უნდა გავრცელებულიყო თუ არა მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ბანკებზე, 60-მა ეკონომისტმა უპასუხა.
ქართველი ეკონომისტების 44% თვლის, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ფინანსურ სექტორზე 2023 წლიდან უნდა გავრცელდეს. 22% კი მიიჩნევს, რომ ესტონური მოდელი ფინანსურ სექტორზე საერთოდ არ უნდა გავრცელდეს, ხოლო 11% ფიქრობს, რომ ეს 2023 წელს არ უნდა მოხდეს, მაგრამ უახლოეს წლებში, მოგების გადასახადის ესტონური მოდელით ფინანსურმა სექტორმაც უნდა ისარგებლოს.
საქართველოში 2018 წლიდან დანერგილი მოგების გადასახადის ესტონური მოდელი გულისხმობს, რომ თუ მოგებიდან მიღებული თანხა კომპანიაში რეინვესტირდება ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება.