2021 წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით, ანუ 27%-ით, 4.2 მილიარდამდე გაიზარდა. მაღალი ტემპით - 38%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და მან $610 მილიონს მიაღწია, შედეგად, რუსეთმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვა და საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გახდა. მისი წილი მთლიან ექსპორტში 14.4%-ია.
რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ოკუპანტი ქვეყნისთვის დაწესებულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქართველი ექსპორტიორები, რომ ეს ბაზარი არასტაბილურია და დივერსიფიცირება აუცილებელია, თუმცა კომპანიების წარმომადგენლების უმეტესობა ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია, რადგან ევროპულ ბაზარზე გასვლა მათთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
Gateway&Partners Georgia-ს გენერალური დირექტორი, ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი გვანცა მელაძე „კომერსანტთან“ ქართველი ექსპორტიორების არასტაბილურ რუსეთთან მუშაობის სპეციფიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე საქართველოდან ამ ქვეყნებში ექსპორტი სავარაუდოდ 20-30%-ით შემცირდება.
„რუსეთზე და უკრაინაზე ქართველი ექსპორტიორების დამოკიდებულება მაღალია, კონკრეტული პროდუქტები რომ ავიღოთ, მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნახევარი ამ ქვეყნებზე მოდის. მიმდინარე წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ეს კიდევ უფრო გაზრდილია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარაგების შეძენა მოხდა დაძაბულობის ზრდის პარარელურად.
ქართველი ექსპორტიორები მთავარ სავაჭრო პარტნიორად არასტაბილურ რუსეთს ირჩევენ, რადგან იქ მუშაობა ბევრად ადვილია. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის დროს მეწარმეებს არ აქვთ ენობრივი და კულტურული ბარიერი, რაც საკმაო პრობლემას წარმოადგენს სხვა ბაზრებზე. რაც მთავარია, რუსი იმპორტიორები წინსწრებით იხდიან თანხას, შესაბამისად, ბევრად მარტივია ჩვენი მეწარმეებისთვის. კერძო სექტორს, რა თქმა უნდა, ვერ ავუკრძალავთ რუსეთში ვაჭრობას, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან უნდა არსებობდეს მეტი წახალისება პროდუქციის ექსპორტისთვის სხვა ბაზრებზე, რომლებიც ბევრად სტაბილურია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში რუსეთის მიმართულებით ექსპორტზე დამოკიდებულება 2-ჯერ არის გაზრდილი. არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე საქართველოდან ამ ქვეყნებში სავარაუდოდ ექსპორტი 20-30%-ით შემცირდება.
ბიზნესის დამოკიდებულება და გეგმები მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით განსხვავებულია. ნაწილი ფიქრობს, რომ მათი გაყიდვის სეზონისთვის გამოსწორდება სიტუაცია და განახლდება რუსეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობები, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნიათ ჩანაცვლება, ამის არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი არ აქვთ. კომპანიების ნაწილმა კი აქტიურად დაიწყო ახალი ბაზრების ძებნა, თუმცა ეს ძვირი და რთულია. სამწუხაროდ, საქართველო ვერ სწავლობს გაკვეთილს წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული ასეთ მეზობელზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს“, — ამბობს გვანცა მელაძე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 760.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ისევ რუსეთი (80.2 მლნ. აშშ დოლარი) რჩება.