EastFruit-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, ქართველმა ფერმერებმა, 2022 წლის მოსავლიდან, 73 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაყიდეს.
სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი საქართველოს სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლი შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 15 გადამამუშავებელ საწარმოს მიენიჭა.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის პირობები ითვალისწინებს, რომ საწარმოები, რომლებიც ყიდულობენ არასტანდარტულ ვაშლს მინიმუმ 0,24 ლარი/კგ (0,09 აშშ დოლარი) ფასში, იღებენ სახელმწიფო სუბსიდიას 0,1 ლარი/კგ (0,04 აშშ დოლარი).
შედეგად, ფერმერების შემოსავალმა არასტანდარტული ვაშლის გაყიდვიდან ამ სეზონზე 17,7 მლნ ლარზე მეტი (6,60 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, სახელმწიფო სუბსიდიის ჯამური ოდენობა დაახლოებით 10 მლნ ლარს (3,73 მლნ აშშ დოლარი) შეადგენდა.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში რამდენიმე წელია ხორციელდება. 2022 წელს ის ფუნქციონირებდა სექტემბრიდან დეკემბრამდე. განსაზღვრულ პერიოდში არასტანდარტული ვაშლის მიწოდებისა და რეალიზაციის უზრუნველსაყოფად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით მოქმედებდა საკოორდინაციო შტაბი.
წინასწარი შეფასებით, 2022 წელს საქართველოში ვაშლის მოსავალმა დაახლოებით 130 000 ტონა შეადგინა, რაც წინა სეზონზე დაახლოებით 80%-ით მეტია. საქართველოს სოფლის მეურნეობის ბაზრებზე ვაშლის ფასები ამჟამად 0,5 ლარიდან (0,19 აშშ დოლარი) 1 კგ-ზე 3 ლარამდე (1,12 დოლარი) მერყეობს, ჯიშისა და კალიბრის მიხედვით.