ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში იმართება ქართველი ფოტოგრაფების, დარო სულაკაურის, დათო ქორიძისა და სანდრო მამასახლისის პერსონალური გამოფენები.
ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზის წლევანდელი ნომინანტის გამოფენაზე წარმოდგენილა ძველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფის სანდრო მამასახლისის ფოტონამუშევრები, რომლებიც თბილისის ისტორიის მუზეუმში 8 ივნისამდე დარჩება. ეს სანდრო მამასახლისის პირველი პერსონალური გამოფენაა.
სპეციალობით ფილოლოგი სანდრო მამასახლისი სწორედ მაშინ გახდა პროფესიონალი ფოტოჟურნალისტი, როდესაც ეს პროფესია საქართველოში სერიოზულად არც კი აღიქმებოდა. მაშინ ანრი კარტიე ბრესონის, იუჯინ სმიტის თუ რობერტ კაპას სახელები, მათთან ასოცირებული ფოტოგრაფიული სამყარო და თავად ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნება, ქართული საზოგადოებისთვის ჯერ თითქმის უცნობი იყო. სწორედ ამ მიზნით 1960-იანი წლების დასაწყისიდან სანდრო მამასახლისი თავისი საყვარელი საქმიანობის — ფოტორეპორტიორობის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. აქვეყნებდა თავის ნამუშევრებს და პარალელურად მუშაობდა პირად ფოტოკოლექციებზე. ფოტოკამერით ხელში სანდრომ მთელი საქართველო მოიარა. ქართული ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის გარდაცვალების შემდეგ, 2021 წელს მას მიენიჭა ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზი.
(R)