2023 წელს ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტი 47 მლნ ლარი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში დასრულდება 3,5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირება, განხორციელდება სამიმოსვლო ბილოკებისა და ბაქანის გეგმიური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები.
2023 წელს დასრულდება მუშაობა თბილისის აეროპორტის გენერალური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე, მათ შორის, ახალი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ხაზი გაესვა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის მზარდი დინამიკის უზრუნველყოფისთვის თბილისისა და სხვა აეროპორტების განვითარების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - წერია პრესამსახურის მიერ გავრცელოებულ ინფორმაციაში.