მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ჰექტარით გაფართოვდება. შესაბამის შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „ჰუალინგს“ შორის მოეწერა ხელი.
„ჰუალინგის“ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი იოსებ ნიბლაძე “კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ არსებულ ტერიტორიას კიდევ 42 ჰა ფართობი დაემატება და ახალი კომპანიების დასაინტერესებლად უფრო მეტი ინფრასტრუქტურა გაჩნდება.
ინდუსტრიული ზონის მენეჯერი აცხადებს, რომ გაფართოების აუცილებლობა, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც არსებული ინფრასტრუქტურული რესურსები ამოიწურა, რომელიც მთლიანობაში 36 ჰა-ს მოიცავდა. იოსებ ნიბლაძე ამბობს, რომ დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 15 სუბიექტი ოპერირებს, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ 2 სუბიექტთან. საუბარია ფარმაცევტული წარმოების და ასევ მუყაოს წარმოების დაწყებაზე.
რაც შეეხება ინვესტიციას, იოსებ ნიბლაძე კონკრეტულ ციფრს წინასწარ არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ საუბარი რამდენიმე მილიონზეა.
როგორც შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, „ჰუალინგის“ ქუთაისის ინდუსტრიული ზონის გაფართოება საშუალებას მისცემს კომპანიას განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები და დაასაქმოს ასობით მოქალაქე.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმება. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ რამდენიმე მილიონიანი დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს სწორედ ამ შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ასობით ადამიანი დაასაქმოს უახლოეს წლებში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
გაფართოების შედეგად დამატებით შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს მოკლე დროში შეძლონ სხვადასხვა საწარმო-გადამამუშავებელი პროექტების თუ სასაწყობე მეურნეობის შექმნა ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე.
ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ მოიცავს 36 ჰექტარს. პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ მაგისტრალს თბილისსა და შავი ზღვის ქალაქებს შორის (ფოთი, ბათუმი). მისი მოსახერხებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე (სარკინიგზო, სახმელეთო, საჰაერო ტრანდპორტი დასაზღვაო პორტები) ქუთაისის თიზ-ი წარმოადგენს ინდუსტრიულ, ლოგისტიკურ და სავაჭრო ცენტრი შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებში.