დღეისათვის ქვემო ქართლში 6,5 მლნ ლარის ღირებულების 4 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი გახდება დამატებით 2500 ჰექტარი სავარგული, ხოლო წყლის მიწოდება 810 ჰექტარზე გაუმჯობესდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ბალახაური, ხიდისყური და ნახიდური) 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
მათი ცნობით, პროექტის ღირებულება 2 627 500 ლარია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 9 წლის განმავლობაში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 60 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 32,570 ჰექტარით გაიზარდა, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 24,820 ჰექტარზე გაუმჯობესდა.