ფიზიკური აქტივობის სახელმწიფო სტრატეგია, 2023 წლიდან, სკოლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარების ვალდებულებას ითვალისწინებს. სტრატეგიაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანმოს რეკომენდაციებით, მუშაობს. დოკუმენტი საბოლოო სახეს წლის ბოლომდე მიიღებს და 2023 წლიდან მისი განხორციელება დაიწყება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრობლემა სერიოზულად დგას, ქვეყანას 11 000 ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი სჭირდება. ფიზკულტურის მასწავლებლად დღეს აღნიშნული რაოდენობის პირი მუშაობს, მაგრამ ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი მათგან მხოლოდ 3500-ია.
„7 000-ზე მეტ შემთხვევაში ამას ისეთი პროფესიის მასწავლებლები ითავსებენ, რომლებსაც ამ სფეროში სპეციალური განათლება არ გააჩნიათ. პრობლემაა ის, რომ ქვეყანა ამ კადრებს არ უშვებს. ფიზკულტურის გაკვეთილი სკოლებში დაჩაგრულია. გარდა ამისა, სერიოზული სირთულეებია ინფრასტრუქტისა და აღჭურვილობის კუთხით. როდესაც ჩვენ შვილებს სკოლაში ვუშვებთ, იქ ნომერი პირველი საზრუნავი მათი უსაფრთხოება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაა. ეს უპირველესი საკითხებია, თუმცა გვავიწყდება და მეორე პლანზე გადაგვაქვს. უცხოეთში კარგი მაგალითებია, მათ შორის ის, რომ სკოლას ექსპლუატაციაში არ მიიღებენ, თუ მას ფიზიკური აქტივობის გაკვეთილის ჩასატარებლად სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. ეს პირველი რიგის საკითხია და მისი იგნორირება არ შეიძლება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განათლების სამინისტროს ამ საკითხის მოგვარება და ინფრასტრუქტურის მოწყობა დაგეგმილი აქვს,“ განაცხადა კახა ღვინიანიძემ.