ევროკავშირში გაწევრიანებამდე უკრაინას და მოლდოვას გრძელი გზის გავლა მოუწევს, უფრო გრძელის კი საქართველოს. რას მისცემდა საქართველოს ეკონომიკას EU-ს კანდიდატის სტატუსი და რა გზავნილია ინვესტორებისთვის არსებული „ევროპული პერსპექტივა“, ამის შესახებ „კომერსანტთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი პერსპექტივა გამოჩნდა საქართველოსთვის რეგიონალური მოვლენებიდან გამომდინარე. ერთის მხრივ პერსპექტივის მონიჭება საკმაოდ დიდი მიღწევა არის, თუმცა გაცილებით მეტიც შეიძლებოდა ანუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც ვფიქრობ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მთელი რიგი რეფორმების განახორციელება ვადებშია გაწერიალია, მნიშვნელოვანია დროულად მოქმედება.
პირველ რიგში, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს რას ნიშნავს ევროპასთან ინტეგრაცია და რატომ უნდა გვინდოდეს ეს. როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს, მას მთელი რიგი სამოქმედო გეგმა ეძლევა ევროკავშირის მიერ და ასევე დიდი დახმარებები მოდის მათ შესასრულებლად, რაც ნიშნავს: 1. ხარისხიან ცხოვრებას არა კონკრეტული ელიტისთვის, არამედ ფართო ფენისთვის; 2. საერთაშორისო განათლებაზე წვდომას; 3. საექსპორტო ბაზრის გაზრდას მთელი რიგი სტანდარტების დანერგვის პირობებში. ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკით, ახალმა გაწევრიანებულმა ქვეყნებმა 5 წელიწადში, საექსპორტო მოცულობა ევროპაში 50%- 70%-მდე გაზარდეს; 4. სწორ მიგრაციულ პოლიტიკას ანუ საშუალებას რომ უცხოეთში მარტივად დასაქმდე. 5. წვდომას შედარებით იაფფასიან ფულად რესურსზე, ვგულისხმობ როგორც საბანკო სესხებს, ასევე გრანტებს და სხვა.
გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანას ჰქონდა შანსი კანდიდატის სტატუსი მიეღო, თუმცა აქვს „პერსპექტივა“, კითხვებს ბადებს და ახალი ინვესტორები რა თქმა უნდა დაელოდებიან წლის ბოლოს, თავის მხრივ უკვე შემოსული ბიზნესებიც ეცდებიან არ დაიწყონ ახალი საქმეები. შესაბამისად, თუ ოდნავ მაინც ეჭვის ქვეშ დადგა კანდიდატობის მიღება, ეს რა თქმა უნდა ხელს შეუშლის ინვესტორების მოძიებას. ევროპული და დასავლური ინვესტიციების საჭიროება კი, თავის მხრივ არის დამატებით ტექნოლოგიები, გამართული კორპორაციული სისტემები, მუშახელის უნარების გაუმჯობესება და კარგი სამუშაო პირობების შექმნა“, — ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.
მისი თქმით, მთავრობამ და თითოეულმა ადამიანმა ევროპული საბჭოს მიერ დადგენილი „დავალება“ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს, რადგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე ქვეყანა „პერსპექტივასაც“ დაკარგავს და ევროკავშირში გაწევრიანების ასეთი შანსი შესაძლოა წლების განმავლობაში აღარ გაუჩნდეს.
„დღეს არც სასოწარკვეთის დროა და არც სიხარულის, მუშაობის დროა, ევროპას კონკრეტული დავალებები აქვს მოცემული, რომლის შესრულების შემდეგ ავტომატურად გვანიჭებენ სტატუსს“, — აღნიშნავს ქეთი ბოჭორიშვილი.
ნინო თამაზაშვილი