რუსები აგრძელებენ თავიანთი ქვეყნიდან ფულის გატანას. 2022 წლის პირველ კვარტალში პირადი გადარიცხვების ნიშნულმა რეკორდულ მაჩვენებელს 14 მილიარდ დოლარს მიაღწია. რუსული კაპიტალის ძირითადი ნაწილი მეზობელ ქვეყნებში მიედინება. 2022 წელს რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ, შესაძლოა, ჯამში 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს, რაც რუსულ რუბლს შეასუსტებს, ხოლო ჩინურ იუანსა და ჰონკონგურ დოლარს გააძლიერებს.
სანქციებისგან გამოწვეული გაზრდილი რისკების გამო რუსეთის მოქალაქეებმა კაპიტალის შინ დატოვებას, მისი სხვა ქვეყნებში გატანა და იქ დაგროვება ამჯობინეს. გადარიცხვების უეცარი ზრდის ფონზე, როდესაც ნიშნულმა 3,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან ფულის გატანის გამკაცრება გადაწყვიტა, რამაც მყისიერი შედეგი გამოიღო. თუმცა, შემდგომ ამ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნამ კვლავ განაპირობა ფულადი გზავნილების ზრდა, - ივნისში, სხვა ქვეყნებში 5.2 მილიარდი დოლარის გადარიცხვები დაფიქსირდა.
არსებული მონაცემების თანახმად, რუსეთიდან ფულადი გზავნილების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მეზობელი, უფრო კონკრეტულად კი „დსთ-ს“ ქვეყნებია. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნები, სადაც საბანკო სისტემა კარგადაა განვითარებული: საქართველო, სომხეთი და ყაზახეთი.
ივნისში, რუსეთიდან ამ სახელმწიფოებში ფულადი გზავნილები გასულ წელთან შედარებით 7-8-ჯერ გაიზარდა: ყაზახეთი-793%, საქართველო-735%, აზერბაიჯანი-667%, სომხეთი-530%, უზბეკეთი-423%, ბელორუსია-354%, ყირგიზეთი-116%.
რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ წლის ბოლოს, შესაძლოა 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. გეოპოლიტიკური შოკის ფონზე, 2022 წლის პირველ ნახევარში, კერძო სექტორიდან კაპიტალის წმინდა გადინებამ თავის პიკს 130 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2014 წლისაზე გაცილებით დიდია, როდესაც გეოპოლიტიკურმა გაურკვევლობამ და სანქციებმა მაშინაც გააორმაგა კაპიტალის წმინდა გადინება $150 მილიარდ დოლარამდე.