კორპორაცია RAND-ის ანალიტიკოსებმა მსოფლიო არენაზე ჩინეთის როლის თაობაზე ანგარიში მოამზადეს და მისი სერიოზული ეკონომიკური გავლენა აღიარეს. თუმცა, ისინი პეკინის სისუსტედ ეკონომიკური განვითარების ორიგინალური მოდელის არარსებობას მიიჩნევენ.
დღეს ჩინეთის მთავარი კოზირი საერთაშორისო არენაზე მისი ეკონომიკური ძლევამოსილებაა და მესამე ქვეყნებზე პეკინის ზემოქმედების უმთავრესი ბერკეტია ვაჭრობა და ინვესტიციები - ეს გაცილებით უფრო ეფექტური გზაა, ვიდრე სამხედრო მუქარა, ან ჩინეთის პოლიტიკური სისტემის გავრცელება.
2019 წლის მონაცემებით, განვითარებადი ქვეყნების დიდი ნაწილი სასიცოცხოდ დამოკიდებულია ჩინეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მაგალითად, ლაოსის საგარეო ვაჭრობის 42% ჩინეთზე მოდის, ფილიპინების – 41%, კამბოჯას – 29%, ვიეტნამის - 33%.
თუმცა, ეს ასევე დამახასიათებელია საკმაოდ მდიდარი და ძლიერი ქვეყნებისთვისაც. მაგალითად, ავსტრალიის საგარეო ვაჭრობის 32%, ხოლო სამხრეთ კორეის - 30% ჩინეთზე მოდის.
ჩინური პირდაპირი ინვესტიციები უმნიშვნელოვანესია ლაოსისთვის (მთელი ინვესტიციების 78%), კენიისთვის (33,7%), კამბოჯისთვის (24,8%) და ტაილანდისთვის (14%).
გავლენის კიდევ ერთი კარგი საშუალებაა სხვა ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებთან არაფორმალური კავშირების დამყარება - მაგალითად, ავსტრალიაში, ინდონეზიაში, ფილიპინებში და სამხრეთ კორეაში.
მაგალითად, ჩინეთის წარმომადგენლები ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში პოლიტიკოსებს პეკინისთვის მომგებიანი გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ გარკვეულ პრეფერენციებს სთავაზობდნენ. ჩინეთმა ყველას დაანახა, რომ ელიტებსა და მაღალჩინოსნებს შორის მხარდაჭერის მოპოვება მაშინაც კი შეუძლია, როდესაც ამ ქვეყნების საზოგადოებრივი აზრი ჩინეთის მიმართ ნეგატიურია.
აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენის კუთხით ამერიკა პირველობას ინარჩუნებს, თუმცა, პეკინი ვაშინგტონისგან ჩამორჩენას ამცირებს. Lowy Institute-ის კვლების თანახად, ამ რეგიონში ჩინეთის ეკონომიკური გავლენა მეტია, ვიდრე ამერიკის, თუმცა, შტატებს სხვა უპირატესობა აქვთ, და ეს სწორედ ის პრობლემაა, რომელიც პეკინის საერთაშორისო გავლენის ზრდას ხელს უშლის.
საქმე ისაა, რომ ჩინეთი სხვა ქვეყნებს განვითარების მიმზიდველ მოდელს ვერ სთავაზობს - „ჩინური მოდელი“ თეორიულად უფრო არსებობს, ვიდრე პრაქტიკულად.
ის, რასაც პეკინში თავიანთ მოდელს უწოდებენ, სინამდვილეში ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა მეთოდების კრებულია, ვიდრე ზომების თანმიმდევრული ჩამონათვალი, რომლის გამოყენებაც სხვა ქვეყნებშიც შესაძლებელია, - მიაჩნიათ ექსპერტებს.
RAND-ის ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს პერიოდში ქვეყანას ახალი პრობლემები ელის.
ჩინეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და პარალელურად ეკონომიკური ზრდის შენელება „ჩინური მოდელის“ მიმზიდველობას მნიშვნელოვნად შეცვლის. დემოკრატიული ფასეულობები თავისთავად მიმზიდველია ადამიანებისთვის, მაშინ, როდესაც ჩინურ ავტორიტარიზმს ყველა განიხილავენ მხოლოდ როგორც ეკონომიკური წარმატების მიღწევის საშუალებსს. პეკინის გავლენას ამცირებს ის, რომ მის გავლენის ადრესატები ჩინურზე მეტად ამერიკულ ფასეულობებს იზიარებენ.
PwC-ს პროგნოზის თანახმად, 2021-2030 წლებში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 3,4%-მდე შემცირდება, მაშინ, როდესაც 2016-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენდა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით გავლენას ისეთი ფაქტორები მოახდენენ, როგორც მოსახლეობის დაბერება, დავალიანების ზრდა, შრომის ეფექტურობის შემცირება და პოლიტიკური დაძაბულობა.
ჩინეთის კიდევ ერთი სუსტი ადგილია - აშშ-სთან სამხედრო დარგში გავლენის კუთხით კონკურენციის სუსტი უნარი. RAND-ის გათვლებით, აშშ-მ 2019 წელს სხვა ქვეყნების სამხედრო დახმარებაზე 13,7 მლრდ. დოლარი დახარჯა, ჩინეთმა კი - მხოლოდ 100 მლნ. მართალია, ციფრების სანდოობას ამცირებს ის ფაქტი, რომ პეკინის საგარეო სამხედრო დანახარჯების გასაიდუმლოებულია, ამიტომაც ზუსტი მონაცემების დადება რთულია.
თუმცა, 2019 წელს ამერიკამ სხვა ქვეყნებს 12 მლრდ დოლარის იარაღი მიაწოდა, ხოლო ჩინეთმა - მხოლოდ 2 მლრდ-ის, რაც თავისთავად ჩამორჩენაზე მეტყველებს.
rbc.ru