წინასაშობაო პერიოდში ევროპის ქალაქები განსაკუთრებით ლამაზია. საშობაოდ მორთული ქალაქის ძველი უბნები, ნაძვის ხეები, დეკორაციები და საშობაო ბაზრობები კონტინენტის ათობით ქალაქისთვის არის დამახასიათებელი, რის გამო მათ ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობდა.
თუმცა უკვე 2 წელია, რაც კორონავირუსის პანდემიამ ევროპის საშობაო ბაზრობების ბედი მნიშვნელოვნად შეცვალა. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ევროპის ბევრ ქვეყანაში კვლავ მძიმე ეპიდ-სტუაციაა.
საინტერესოა ვნახოთ, თუ რა ბელი ელით წელს ევროპის საშობაო ბაზრებს.
გერმანია
გერმანიის თითოეულ მიწაზე რეგულაციები ეპიდ-სიტუაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბავარიასა და საქსონიაში რეგულაციებიდან გამომდინარე წელს საშობაო ბაზრები არ გაიმართება, რაც საკმაოდ დიდი დარტყმაა იმ ბიზნეს სექტორისთვის, რომლებიც მთელი წელი საშობაო ბაზრებისთვის ემზადებიან.
საშობაო ბაზრობა უკვე გაიხსნა ჰესენის მიწის ქალაქ ფრანკფურტში. თუმცა ადგილობრივი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათი მოგება პანდემიადელ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის შემცირებული.
ავსტრია
ეპიდ-სიტუაციის გართულების გამო ავსტრიაში ე.წ. „ლოქდაუნი“ გასულ თვეში ამოქმედდა. რეგულაციები შეეხო საშობაო ბაზრობებსაც და წელს ისინი არ გაიმართება.
ბელგია
ბელგიის ქალაქებში წელს საშობაო ბაზრობები გაიმართება, თუმცა რეგულაციების დაცვით. აკრძალული იქნება მასშტაბური შეკრებები და საშობაო ბაზრობაზე მისულმა ყოველმა სრულწლოვანმა ადამიანმა კოვიდ-პასპორტი უნდა წარადგინოს.
საფრანგეთი
საფრანგეთში წელს საშობაო ბაზრობების გამართვა ნებადართულია. თითოეული სტუმარი ვალდებული იქნება პირბადე ატაროს და სოციალური დისტანცია დაიცვას.
საფრანგეთში ყველაზე ცნობილი საშობაო ბაზრობა სტრასბურგშია, რომელიც მსგავსი ბაზრობის გამართვა ჯერ კიდევ 1570-იან წლებში დაიწყეს.
ჩეხეთი
დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, წელს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საშობაო ბაზრობები არ გაიმართება.
დანია
ბელგიის მსგავსად დანიის ქალაქებში საშობაო ბაზრობები იმუშავებს, თუმცა მის სტუმრებს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა დასჭირდებათ.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"