მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რამდენიმე დღეა, რაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ სკვერის მოწყობა იგეგმება. თუმცა, მთავარი დეტალები, მაგალითად, რა დაჯდება მისი მოწყობა, როდის დასრულდება ან როგორი იქნება საბოლოო პროექტი – უცნობია.
როგორც ნეტგაზეთი წერს. სკვერის მოწყობის გადაწყვეტილება დროში დაემთხვა სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან გახშირებულ საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციის წინ და გააჩინა განცდა, რომ ტერიტორიის შემოღობვით საპროტესტო სივრცეს ართმევენ აქტივისტებსა და ოპოზიციას.
გამოცემის ინფორმაციით, ისინი შეეცადნენ გაერკვიათ რომელი კომპანია მოაწყობს სკვერს, რა დაუჯდება ის ბიუჯეტს, გამოცხადდა თუ არა შესაბამისი ტენდერი - თუმცა შესაბამისი პასუხები ჯერ ვერ მიიღეს. პროექტის დეტალებზე ნეტგაზეთი თბილისის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძეს გაესაუბრა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც მთავრობის წინ სკვერის მშენებლობას აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ 7 აპრილს – „ყოველგვარი გაფრთხილებისა და ნებართვის გარეშე“ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს და მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.
„როდესაც უკვე შევხედეთ შესაბამის დოკუმენტებს, ვნახეთ, რომ ნებართვაზე მოთხოვნა არქიტექტურის სამსახურში 7 აპრილს, ღამის საათებშია ატვირთული.
ამ ტერიტორიის ქვეშ [სადაც სკვერს აშენებენ], ანუ მოედნის ქვეშ მიწა არ არის. ეს არის მთავრობის კანცელარიის სპორტული კორპუსი. შესაბამისად, შენობის წინ არსებული მოედანი ამ დარბაზის სახურავია. მასზე არსებობს ექსპერტიზის დასკვნებიც, რომ კონსტრუქციები მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, რა პროექტი დამტკიცდება საბოლოოდ – ნერგებს შემოიტანენ აქ, სკამებს თუ სხვა და ეს ყველაფერი რამდენი ტონა იქნება, როგორ დააწვება შენობას – არავინ იცის,“ – ამბობს ირაკლი ნადირაძე.
ვრცლად იხილეთ netgazeti.ge