ბოლო 5 წლის განმავლობაში, მილიარდერმა ილონ მასკმა აქციები გაყიდა, გადაწყვეტილება Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მიიღო.
6 ნოემბერს ილონ მასკმა Twitter-ზე 24-საათიანი გამოკითხვა ჩაატარა. Tesla-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თავის 63 მილიონ გამომწერს ჰკითხა, უნდა გაეყიდა თუ არა Tesla-ში საკუთარი წილის 10%. მიზეზად დაასახელა მილიარდერების მიმართ ბოლო დროს გაჟღერებული ბრალდებები, რომელიც არარეალიზებულ შემოსავალზე გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში მდგომარეობს.
მასკის განცხადებით, ის დაემორჩილებოდა გამოკითხვის შედეგებს და გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობის საფუძველზე მიიღებდა. მასკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ფულად ანაზღაურებას ან ბონუსს არ იღებს. შესაბამისად, მისთვის გადასახადების გადახდის ერთადერთი გზა აქციების გაყიდვაა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 3 519 252 ადამიანმა. 57.9%-მა კითხვაზე დადებითი პასუხი დააფიქსირა, ანუ აქციების გაყიდვას მხარი დაუჭირა. აქვე აღსანიშნავია, რომ Tesla მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიაა. საფონდო ბირჟაზე მისი ღირებულება $1 ტრილიონს აღემატება. გამოკითხვის დაწყებიდან ორ დღეში, 8 ნოემბერს, Tesla-ს აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 16%-ით შემცირდა.
მიუხედავად ამისა, ილონ მასკმა გამომწერებისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა. მან თავდაპირველად $4 მილიარდის, ხოლო შემდეგ $1.1 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. როგორც გაირკვა, მისი მეორე ნაბიჯი დაუგეგმავი იყო, პირველი კი ჯერ კიდევ სექტემბერში ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, ამ დროისათვის, ილონ მასკი კვლავ ინარჩუნებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს. თუ აქამდე ის Tesla-ს აქციების 23%-ს ფლობდა, $5 მილიარდის ოდენობის აქციების გაყიდვამ მისი წილი კომპანიაში მხოლოდ 3%-ით შეამცირა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მასკს აქციები არ გაუყიდია. ბოლოს მსგავსი გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღო, რათა $600 მილიონის ოდენობის გადასახადი გადაეხადა. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილს ფიქრობდა, რომ მილიარდერი პირობას არ შეასრულებდა.
წყარო: businessfeed.ge