3 მარტს კომპანია Mercedes-Benz-მა გამოაცხადა, რომ სრულად გაყინა ყველა მისი აქტივობა რუსეთში. შეწყდა როგორც ავტომობილების უცხოეთიდან შემოტანა ასევე გაჩერდა მოსკოვიდან 40 კმ-ში მდებარე ესიპოვოს ქარხანა. გერმანელები არ მალავენ, რომ ამის მიზეზია უკრაინაში ომი. ახლა ბიზნესი გახდა მაღალრისკიანი, ამასთან, ეს არაა მხოლოდ ლოგისტიკური ჯაჭვის რღვევით გამოწვეული, არამედ ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებით და კიბერშეტევებითაც.
ამის პარალელურად კი რუსეთში ამჟამად განხილვაში მყოფი ე.წ. ქონების ნაციონალიზაციის კანონის მიღების შემთხვევაში Mercedes-Benz-მა შესაძლოა დაკარგოს ყველა მისი რუსული აქტივი. მათი ღირებულება ამ დროისთვის შეფასებულია 2 მილიარდ ევროდ.
ახალი „კანონპროექტი“ ისეა გაწერილი, რომ ის შეეხება კომპანიის რუსეთში არსებულ ქარხანას. ამ ქარხანაში ბოლო დრომდე კომპანია აწარმოებდა მოდელებს E-Class, GLC, GLE და GLS. ადგილზე 1 000 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო მისი მშენებლობა კომპანიას 300 მლნ ევრო დაუჯდა.
რა შემდგომ ნაბიჯებს მიიღებს კომპანია Mercedes-Benz Group-ი, ამ ეტაპზე უცნობია, მისი მოსკოვთან მდებარე ქარხანა კი ახლა ნამდვილად გაჩერებულია და ასევე შეწყვეტილია ბრენდის ავტომობილების იმპორტი რუსეთში.
წყარო: bpn.ge