„თიბისი ბანკის“ სათავო ოფისის - „თბილისის ბიზნეს ცენტრის“ მშენებლობის პირველი ფაზა თითქმის ორი წლის წინ დასრულდა. „თბილისის ბიზნეს ცენტრის“ გახსნა 2022 წლის ბოლოს იყო დაანონსებული, თუმცა გლობალური პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული კრიზისის გამო ვადები შეიცვალა.
ლისის ტბასთან არსებული კომპლექსის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ „თიბისი ბანკში“ აცხადებდნენ, რომ ის 2023 წლის ბოლოს დასრულდებოდა, 2024 წლიდან კი ბანკი უკვე ოპერირებას ახალი სათავო ოფისიდან დაიწყებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც 72 მლნ დოლარიდან 83 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა ამჟამად მშენებლობის პროცესი და კიდევ ერთხელ ხომ არ შეცვლილა დასრულების ვადები. მშენებლობის დასრულების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით , როგორც „თიბისი ბანკში“, ასევე კონტრაქტორ კომპანიებში საუბარი უჭირთ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პროფილური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს, მათ შორის: „დომუს ალუმინიუმი“ და „არქტრეიდი“ - ფასადის სამუშაოებს, „დნთ ქონსთრაქშენი“ - მექანიკის და სანტექნიკის სამუშაოებს; „ევრომონტაჟი“ - ელექტროობის სამუშაოებს; „ნიუ ქონსრაქშენს ტექნოლოჯის“ - სასმელი წყალის და წყალანირების გარე ქსელის მოწყობას; IKMA Georgia - ლიფტების მოწოდებას და მონტაჟს; „გრაალი-92“ - რკინის კონსტრუქციების მოწყობას და ა.შ.
სამშენებლო კომპანია „დომუსში“ „კომერსანტს“ უთხრეს, რომ მშენებლობა ახალი დადგენილი ვადების შესაბამისად მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს. CMC - Construction Management Company-ში კი, რომელიც პროექტის სრულ მენეჯმენტს ახორციელებს, „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია ერთდროულად ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით. მათი ინფორმაციით, პროექტის კონცეფცია გულისხმობს ტერიტორიის 80%-ის გამოყენებას რეკრეაციული ზონის შესაქმნელად, 20%-ს კი სამშენებლო არეალისთვის.
„თიბისის” ახალი სათავო ოფისის მშენებლობას 2018 წლის 17 დეკემბერს, ბანკის 26-ე იუბილეზე ჩაეყარა საფუძველი. შენობის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, პროექტის ავტორი კი საერთაშორისო კომპანია – UNStudio-ა.