„ჩვენი სურვილია, ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში ბევრი დამსვენებელი, ტურისტი ჩამოვიდეს“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თუშეთში, სადაც დღეიდან მთის კვირეული დაიწყო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთის კვირეულის აღნიშვნა სწორედ თუშეთიდან საგანგებოდ იწყება.
„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესტიციების განხორციელება მთაში. მეტი ყურადღების მიქცევა. გახსოვთ, ამისთვის ჩვენ რამდენიმე წლის წინ მთის კანონიც მივიღეთ. მთაში მცხოვრებთათვის დაწესდა შეღავათები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტად მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო. ეს არის ნამდვილი გმირობა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ასეთ ულამაზეს ადგილას და იცით, მთელი 6-7 თვე აქ მოძრაობა იკეტება. ზამთრის პერიოდში შეუძლებელია გადადგილება, მხოლოდ ვერტმფრენით. ამიტომ, მინდა ჩვენს თუშებს განსაკუთრებული სიყვარულით კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მოგილოცოთ თუშეთობა და გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.