აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაიზარდა და ძირითადი განაკვეთები 4.50-4.75%-ის ფარგლებში განისაზღვრა. ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.
ამერიკის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზედიზედ რამდენჯერმე გაზრდის ეფექტი საქართველოს უკვე დაეტყო. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ დოლარში სესხები გაძვირდა, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი კი შენელდა, თუმცა ამაზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს, მათ შორის საქართველოს ცენტრალური ბანკის ბოლო რეგულაციები.
თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია კი ამბობს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საქართველოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს გააძვირებს.
„ჩვენი სესხების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო ბაზრებიდან მოდის და ის ავტომატურად აიწევს, როგორც დოლარში ასევე ევროში. თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ დეპოზიტებზეც უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი სავარაუდოდ მოიმატებს, მაგრამ არა იმდენად, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე. სესხები ფინანსდება ორივე რესურსით საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრებიდანაც და ადგილობრივი დეპოზიტებით“, — ამბობს ნადარაია.
FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი შერბილებულია, რაც აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირებითაა განპირობებული. რაც შეეხება საქართველოს, მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე, ეროვნულმა ბანკმა განაკვეთები 11%-ზე დატოვა.