ლუდის მოყვარულებში კრაფტ ლუდები თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება. ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის ლუდის ფასი ლიტრზე 15 ლარსაც აღწევს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გეგმები აქვთ კრაფტ ლუდების წარმოების მხრივ ბაზრის მთავარ მოთამაშეებს.
როგორც „კომერსანტს“ სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ („ზედაზენი“) განუცხადეს, კრაფტ ლუდების წარმოების მხრივ გეგმები აქვთ, თუმცა 2024 წლიდან.
„ჩვენთან არის მცირე სახარშო, სადაც ექსპერიმენტული ლუდები მზადდება, თუმცა ჯერ სერიული წარმოებისთვის არ არის და არის მხოლოდ შიდა დეგუსტაციებისთვის. ეს კატეგორია, ზოგადად საინტერესოა და წლიდან წლამდე მასზე მოთხოვნა მზარდია. თუმცა ჩვენ ვიგეგმებით და ვუყურებთ ისე, რომ პროდუქტის სერიულ წარმოებას 2024 წლიდან დავიწყებთ. თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ადრეა“, - აცხადებენ სს „ქართული ლუდის კომპანიაში“.
„ნატახტრის“ მწარმოებელ კომპანია „ეფეს საქართველოში“ კი „კომერსანტს“ უთხრეს, რომ კომპანიაში სიახლეებზე, ახალ კატეგორიებზე მუდმივად მუშაობენ.
„ჩვენ ვმუშაობთ სიახლეებზე, ახალ კატეგორიებზე, ვამუშავებთ ახალ პროექტებს. როგორც კი იქნება სიახლე, ჩვენ პირველი მედიას შევატყობინებთ“, - განმარტავენ „ეფეს საქართველოში“.
კრაფტ ლუდი, ინდუსტრიული ლუდებისგან განსხვავებით ზედმეტი დანამატებისა და პროცედურების გარეშე მზადდება და 100%-ით სუფთა პროდუქტია. მისი ისტორია კალიფორნიაში 1950-იან წლებიდან იწყება, როდესაც ინდუსტრიის საფუძვლიანი გადაკეთება მოხდა. შეიცვალა სტანდარტები, ჩამოყალიბდა შიდა სტანდარტი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს.