თიბისის გათვლებით 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, ხოლო ეკონომიკური ზრდა 3,8-3,9%-ის ფარგლებში, რაც მთავრობის მიერ დაანონსებულ მაჩვენებელთან შედარებით პესიმისტური პროგნოზია.
როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, ინფლაციის შემცირების ტემპი ოქტომბრის სტატისტიკაში უკვე გამოჩნდა. ბანკირის განმარტებით, ინფლაციის ზრდის შემცირების ტრენდი გაგრძელდება და 2023 წლის ბოლოსკენ მიზნობრივ მაჩვენებლებს დაუახლოვდება.
„დღეს რაც ყველაზე მთავარი მაკროეკონომიკური გამოწვევა არსებობს ქვეყანაში — ინფლაცია, შეიძლება 12 თვის თავზე არ იყოს ისეთი კრიტიკული როგორიც დღეს არის.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას თიბისის მოლოდინი, მცირედით განსხვავებულია, მაგრამ ჩვენი მოლოდინია მომავალ წელს 3,8-3,9%-ის ფარგლებში, გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელიც არსებობს. ერთი რომ ბაზისი არის საკმაოდ მაღალი წლევანდელი წელი და ამითია გამოწვეული და მეორე, ჩვენ პროგნოზს ამის მიხედვით ვაკეთებთ“,- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სტუმრობისას.
მისი თქმით, მომავალი წლისთვის მიგრანტების ეფექტი გარკვეულწილად შემცირდება, მაგრამ „მათი ნაწილი საქართველოში მაინც დარჩება და ამ შემთხვევაშიც 3,8-3,9%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ“.
„შარშანდელი წელი იყო ძალიან კარგი. წლევანდელ წელს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა არის და ეს ძალიან კარგია. 3,9%-ი ეს არის მოლოდინი, რომელიც 2023 წელზე არსებობს. გააჩნია, 3,9%-ი ვთქვათ გერმანიისთვის შეიძლება ძალიან მაგარი იყოს, მაგრამ საქართველოსთვის რომელიც ცდილობს, რომ გაზარდოს ეკონომიკა და რა თქმა უნდა ერთ მოსახლეზე შემოსავლიანობა ძალიან გასაზრდელი გვაქვს, რომ დავეწიოთ ევროპას რა თქმა უნდა გაცილებით მეტია სასურველი, რომ ყოველწლიურად გავიზარდოთ. ეს ქვეყნის ძირითადი გამოწვევაა და რა თქმა უნდა უნდა შევეცადოთ ყველა ბერკეტი და ყველა შესაძლებლობა ჩავრთოთ იმისათვის, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ზრდა იყოს“, - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას და 4,7%-იან ინფლაციას ელოდება.