რა შემთხვევაში ხვდება ფიზიკური თუ იურიდიული პირი მოვალეთა რეესტრში და როგორია მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის პროცედურები აღნიშნულ თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანალიტიკური და სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ახალკაცმა ისაუბრა. მისი განმარტებით მოვალეთა რეესტრში მხოლოდ არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მოვალეები ხვდებიან, ანუ ისინი ვისი ვალდებულებაც იპოთეკით უზრუნველყოფილი არ არის.
„როდესაც ჩვენ გვაქვს სასესხო ურთიერთობა და არ გვაქვს უზრუნველყოფილი საშუალება, ასეთი გადაწყვეტილების აღსრულება უფრო პრობლემურია, ამ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონის მეცხრამეტე პრიმა მუხლი პირდაპირ ავალდებულებს აღმასრულებელს, რომ პირი წარმოების დაწყებისთანავე უნდა მოვალეთა რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს. როგორც კი პირი მოვალეთა რეესტრში რეგისტრირდება ბანკიდან იღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ მის საბანკო ანგარიშებს დაედო შეზღუდვა და მის სახელზე არსებულ ვერანაირ ქონებას ვერ გაყიდის.
იმ შემთხვევაში თუ მოვალეთა რეესტრში მოხვედრილ პირს არ აქვს ანგარიში რომელიმე ბანკში, და რეესტრში მოხვედრის შემდეგ გახსნის ანგარიშს, ბანკი ვალდებულია, რომ აღმასრულებელს ამის შესახებ აცნობოს“, - განმარტა ეკატერინე ახალკაცმა.
ახალკაცი აღნიშნავს, რომ მაგალითად „სითი პარკის“ ან პატრულის სხვა ჯარიმებზე აღსრულების ეროვნული ბიურო ჰუმანურია და იმ შემთხვევაში თუ პირს ჯარიმის გადახდა დაავიწყდა , მაგრამ ის განაცხადებს რომ ანგარიშზე აქვს ჯარიმის დასაფარად საკმარისი თანხა, მაშინ აღსრულების ბიურო 7 დღის ვადას აღარ ელოდება იმისთვის, რომ პირი მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხოს.
„იმისათვის რომ პირი მოვალეთა რეესტრიდან ამოირიცხოს საჭიროა აღსრულდეს ის გადაწყვეტილება, რაც პირის მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირდა.
თუ კრედიტორი ნებაყოფლობით დაწერს განცხადებას, რომ ის თანახმაა, რომ მოვალე ამოირიცხოს მოვალეთა რეესტრიდან, ამ შემთხვევაშიც მოხდება მისი ამორიცხვა.
იმ შემთხვევაში თუ მოვალეს სურს, რომ ვალდებულების დასაფარად დააგირაოს მის მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი ქონება, მაგალითად სატრანსპორტო საშუალება და ამ თანხით გადაიხადოს მასზე დაკისრებული თანხა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო საქმეებზე კრედიტორის თანხმობით და ადმინისტრაციულ საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობით მოვალეთა რეესტრში არსებულ პირს ერთ-ერთ ქონებაზე მოეხსნას შეზღუდვა და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მისი დაგირავების საშუალება მიეცეს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვაქვს განწილვადების საშუალებაც, ოჯახური მდგომარეობის და ქონების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ეკატერინე ახალკაცმა.
თაკო კვაჭანტირაძე