2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, მის წინა ვერსიებთან შედარებით, ფინანსური რესურსი იზრდება 660,0 მლნ ლარზე მეტით.
30 ნოემბერს გამოქვეყნებულ 2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტში, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია ხარჯვით ნაწილშიც, სადაც გამოყოფილია დამატებითი თანხები სოციალური, განათლების, ეკონომიკის ხელშეწყობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე, გათვალისწინებულია საკომიტეტო და სასესიო განხილვების შემდგომ პარლამენტის გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების უდიდესი ნაწილი, კერძოდ:
სოციალური მიმართულებით - 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში სოციალური გასაცემლების ზრდა გათვალისწინებული იყო ყველა მიმართულებით (პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა). ერთადერთი, რაც ბიუჯეტის პირველად ვარიანტში გათვალისწინებული არ იყო - სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაა. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარით ზრდას და ერთ ბავშვზე დახმარება განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით. ამ მიზნით გამოიყო დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტი;
გარდა ამისა, 2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ცვლილებებს ე.წ. დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს მიიღებენ სრულ ხელფასს, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის განსაზღვრული დახმარება გაორმაგდება და 1 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 2 000 ლარით.
განათლების მიმართულებით - ბიუჯეტის პირველად ვარიანტში დაფინანსება გაზრდილი იყო 400 მლნ ლარზე მეტით, ხოლო წარმოდგენილი პროექტის მიხედვით დამატებით გამოიყოფა 150 მლნ ლარზე მეტი. დამატებული თანხიდან 100 მლნ ლარი მიიმართება მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის, ხოლო 30 მლნ ლარზე მეტი - სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე;
საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ტურიზმს, რომლის პოტენციალის გასაზრდელად აუცილებელია ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბება და არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მომდევნო წელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დამატებით გამოიყოფა 200 მლნ ლარი;
თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოიყოფა დამატებით 170 მილიონი ლარი;
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით გამოიყოფა 130 მლნ ლარი;
კულტურისა და სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 55 მლნ ლარი, მათ შორის 25 მლნ ლარი მიიმართება 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებაზე;
შინაგან საქმეთა სამინისტროს და საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურაზე დამატებით მიიმართება 35 მილიონ ლარზე მეტი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებაზე დამატებით გამოიყოფა 10 მლნ ლარი;
20 მლნ ლარი გავთვალისწინებულია ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო აპარატურის ნაწილობრივ შესყიდვისათვის;
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, განხორციელდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დელეგირებული ფუნქციის ხარჯების გაანგარიშება და შემუშავდა თითოეული მუნიციპალიტეტისთვის ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭირო თანხების გაანგარიშების ფორმულა. ახალი გაანგარიშების შესაბამისად, დელეგირებული ტრანსფერის მოცულობა გაზრდილია 5,7 მლნ ლარით.