უკრაინის მიერ დასანქცირებული, ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი, ღვინის მწარმოებელ „დუგლაძეების ღვინის კომპანიაში“ 25.66%-ის მფლობელია.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, დამფუძნებლის სანქციების ქვეშ მოხვედრა რამდენად შეაფერხებს კომპანიის ექსპორტს და რა სახის პრობლემები შეიძლება შეექმნას „დუგლაძეების ღვინის კომპანას“ საერთაშორისო ბაზრებზე?
შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ 25.68%-იანი წილის მფლობელმა ზაალ დუგლაძემ „კომერსანტს“ უთხრა, რომ საექსპორტო ბაზრებზე პრობლემებს არ ელოდებიან.
„არა გენაცვალეთ, არა. ვინ უსმენს მაგათ, რა შუაშია?!“, - ასე უპასუხა ზაალ დუგლაძემ „კომერსანტის“ კითხვას შესაძლო მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით.
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს დსთ-ს ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, იაპონიასა და ჩინეთში.
2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორ კომპანიებს შორის „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ TOP-10 უმსხვილესი ექსპორტიორს შორის იყო.