რა ქონების მფლობელია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორი? დავით საგანელიძემ, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2015 წლის სექტემბრიდან მუშაობს, ბოლო დეკლარაცია წელს, 2023 წლის 31 იანვარს შეავსო.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ წმენდაურში 372 კვ.მ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო და 2022 წელს 145 000 ლარის ხარჯი გასწია. ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან ანუ რაც საგანელიძე საპარტნიორო ფონდის მენეჯერია მის უძრავ ქონებას შეემატა: ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N 4-ში მდებარე 126 კვ.მ ფართის ბინა, რაშიც მან 70 000 დოლარი (05.02.2016) გადაიხადა. აღნიშნულ მისამართზე საგანელიძე 2013 წლიდან უკვე ფლობდა (მშენებარე) 66,75 კვ.მ და 126 კვ.მ-ის ფართის ბინებს.
ზოგადად კი დავით საგანელიძის ქონებას წარმოადგენს ბინა თურქეთში, კარჩიჯაკი, 65 კვ.მ, რომელიც 2009 წელს 82 000 ევროდ შეიძინა, ასევე 8792 კვ.მ და 306,2 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთები ონში, სოფელი წმენდაურში, 3350 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 300 კვ.მ აგარაკი მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელი ძეგვში — არმაზის ტერიტორიაზე“. დავით საგანელიძის კუთვნილებაშია ასევე 2 ბინა, რომელიც თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე N 78-ში მდებარეობს და რომლებიც მან 2008 წელს შეიძინა. მის კუთვნილებაშია ასევე ვაკეში სამი ავტოფარეხი.
დავით საგანელიძის დეკლარაციაში წერია, რომ სამუშაოს შესრულებით 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 238255,51 ლარს. დეკლარაციაში ასევე დაზუსტებულია, რომ ხელფასის სახით ხელზე აღებული თანხა 226402 ლარია.