„მეორადი სანქციების თემა არ არის მარტივი, როგორც ამას უყურებენ“,- ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, ეკონომიკის მიმართულებით, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. როგორც მან რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, მეორადი სანქციები არის სწორედ ის რისკი, რომელმაც შეიძლება, საქართველოში ძალიან ბევრი დაკავშირებული კომპანიების სანქცირება გამოიწვიოს.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მკაფიო უნდა იყოს, როგორ აპირებს მსგავს გამოწვევებს უპასუხოს და ზოგადად, გაცნობიერებული აქვს თუ არა არსებული რისკები.
„როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ესეც არის პირდაპირ ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეპტუალური ნაწილი. მაგალითად, იგივე „ვითიბი ბანკის“ გასვლის შემთხვევაში, საბედნიეროდ, საქართველოს საბანკო სისტემა არის საკმარისად მდგრადი მისთვის, რომ ასეთი ტიპის გასვლისთვის გაეძლო, შეესრულებინა ის ფუნქცია, რაც მან შეასრულა, ერთის მხრივ და მეორე მხრივ, საკმაოდ ჯანმრთელია თვითონ სისტემა, წლების განმავლობაში ფორმირებული. მაგრამ, პირობითად, კიდევ ერთი რომელიმე ბანკი რომ აღმოვაჩინოთ, ნებისმიერი X ბანკი, სხვა ქვეყნის კაპიტალით შექმნილი, ან სხვა ქვეყნის კაპიტალის მაღალი კონცენტრაციით, რომ სანქციების რაღაც ნაწილში მოხვდა, კიდევ გაუძლებს? მსოფლიოში მეორადი სანქციების თემა მიმდინარეობს ხომ? მეორადი სანქციების თემა არ არის მარტივი, როგორც ამას უყურებენ. მეორადი სანქციები არის სწორედ ის რისკი, რომელმაც შეიძლება, ძალიან ბევრი დაკავშირებული კომპანიების სანქცირება გამოიწვიოს. მაგალითად, თუ მოხდა, რომ კიდევ რომელიმე ბანკია სანქცირებული, ახლა კიდევ მდგრადი ვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მივიღოთ? დაზღვეული გვაქვს ეს ნაწილი, გვიფიქრია ამაზე, რა შეიძლება იყოს?! შეფასებული გვაქვს, ვინ შეიძლება იყოს სანქცირებული? მხოლოდ საბანკო არა, იგივეს წინაშე შეიძლება სხვა კომპანიებიც იყვნენ.
ბორჯომის შემთხვევას რაც შეეხება, ეს სახელმწიფოს მხრიდან საბოლოოდ მაინც სოციალური გადაწყვეტილება იყო, განცხადებაც დაახლოებით ასეთ გაკეთდა. ეს გავიგეთ, მაგრამ ეს იყო ისეთი საკითხი, რომელმაც შექმნა ეკონომიკური უსაფრთხოების გარკვეული რისკი. იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში არიან დასაქმებულები, ჩვენი ეკონომიკის ნაწილია და მათზე ზრუნვა კი, სახელმწიფოს ვალდებულებაა, მაგრამ წილის გამოსყიდვა, ხომ უკიდურესი გამოსავალი იყო?! სწორედ ამიტომ, ასეთი ტიპის ბევრი შემთხვევა რომ იყოს, სახელმწიფოს ამდენი რესურსი ფიზიკურად საიდან შეიძლება ჰქონდეს?! სახელმწიფოს თავის საკუთრებაში არსებული საწარმოებიც ეყოფა, რომ ახლა, დამატებით კერძო საწარმოების გამოსყიდვაში არ ღებულობდეს მონაწილეობას. უბრალოდ, ეს გადაუდებელი აუცილებლობა იყო და ასეთი ტიპის გადაუდებელი აუცილებლობა კიდევ რამდენი შეიძლება იყოს?!“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.