საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელობას შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრეს.
საუბარი შეეხო ასევე საქართველოს სხვა სექტორებში მიღწეულ პროგრესს, ისეთ სფეროებს როგორიცაა სხვა სოციალური დახმარების მექანიზმები, დასაქმება და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, ასევე გენდერული თანასწორობა შრომის ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა რეგიონში საუკეთესოდ შეფასდა.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სოციალური დახმარების ოთხი მახასიათებლიდან საქართველომ სამ ინდიკატორში საუკეთესო შედეგი აჩვენა ესენია:ეფექტურობა, მოცვადობა და ადეკვატურობა.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შეაქვთ, საქართველოში მდგრადი სოციალური დაცვის ჩამოყალიბების მიმართულებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.