მაროკოს ქალაქ ტანჟერში საავიაციო ფორუმი CONNECT 2023-ი დასრულდა, რომელშიც 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600 დელეგატი მონაწილეობდა. CONNECT 2023-ის ერთ-ერთი მონაწილე იყო საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, რომელმაც მრავალი ავიაკომპანიის წარმომადგენელთან გამართა მოლაპარაკებები და მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე დაიწყო მუშაობა.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემა „კომერსანტის დილა“-ში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, CONNECT 2023-ის ფარგლებში დაწყებული მოლაპარაკებები შედეგს 2024 წლისთვის მოიტანს.
„რეალისტები, რომ ვიყოთ ზოგადად ფორუმებზე დაწყებული მოლაპარაკებების შედეგები დგება დაახლოებით 1 წლის შემდეგ. როგორც იცით CONNECT იმართება თებერვალში და შესაბამისად ახლა მიმდინარეობს 2024 წლის ზაფხულის დაგეგმარება. იქიდან გამომდინარე, რომ 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, რომელიც მარტიდან ოქტომბრის ბოლომდეა, ავიაკომპანიებს უკვე დაგეგმილი აქვთ, ბილეთები გაყიდვაშია, ასევე დიდწილად დაგეგმილია ზამთრის სეზონიც და ეს არის ის პერიოდი, როდესაც ავიაკომპანიები იწყებენ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დაგეგმარებას. შესაბამისად, ყველაზე კარგ ვარიანტში, შეიძლება გამონაკლისების გარდა, შეიძლება იყოს 2024 წლის ზაფხულის სეზონი. რისი დაანონსებასაც, თუ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები, უკვე წლევანდელი წლის ზაფხულში შევძლებთ, იმის გამო, რომ რამდენიმე თვით მოხდება ბილეთების ჩაშვება.
რაც შეეხება მიმართულებებს, ჩვენ ვმუშაობთ სამი ძირითადი მიმართულებით, ესაა ცენტრალური აზიის მიმართულება, ახლო აღმოსავლეთი და ევროპა. აქედან კი მაინც გამოვყოფდი ლონდონის მიმართულებას ავიაკომპანია easyjet-ზე. ეს რამდენიმე წლიანი მოლაპარაკებაა, რადგანაც უკვე დიდი ხანია ამაზე მიმდინარეობს საუბარი. თუმცა ბოლო შეხვედრა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ვართ ახლოს. როგორი იქნება გადაწყვეტილება წინასწარ ამის თქმა რთულია. ჩვენი დამაიმედებელი აზრით, პროგნოზები დამაიმედებელია“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.