2022 წელს ბიუჯეტში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებულმა დივიდენდებმა 993,869.60 ლარი შეადგინა, რაც 61-ჯერ ნაკლებია გასულ წელს მიღებულ შემოსავლებთან შედარებით.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შესულმა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგება 182,840.05 ლარი იყო.
ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტებში კი სახელმწიფო საწარმოების მოგებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს 811,029.55 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება 2021 წლის პარამეტრებს, ბიუჯეტში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან 61,224,061.33 ლარია აკუმულირებული.
როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, უწყება აქტიურად მუშაობს სახელმწიფოს მართვაში არსებული იმ საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაცია-მინიმიზაციაზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებენ, არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და იმყოფებიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. აღნიშნული გულისხმობს უმოქმედო და მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე საწარმოების შერწყმის, ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და წილის პრივატიზების პროცესებს.
ამ დროისათვის სახელმწიფო მფლობელობაში 81 საწარმოა.