ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლისას გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინა, გასულ წელს ღვინის მწარმოებელ 48 კომპანიაში, 972 ნიმუში იქნა აღებული, დარღვევა კი 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა. საკითხზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ ისაუბრა. მისი თქმით მწარმოებელთა რაოდენობის მატების ფონზე, დარღვევების მაჩვენებელი რომ 3-4% ზე რჩება, ცუდი შედეგი არ არის.
„სახელმწიფო კონტროლისას, შემოწმების დროს აღიწერება ნაშთები, რა შესაძლებლობა აქვს საწარმოს ღვინის წარმოებისთვის, აღიწერება მარაგები, ცისტერნებიდან ვიღებთ ნიმუშს და ტარდება შესაბამისი ანალიზი იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ეს თუ ის ნიმუში კანონთან შესაბამისობაში. ხშირად არის კანონშეუსაბამო ანალიზის პასუხები, მაგალითად ის, რომ ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოები ტექნოლოგიური დარღვევები გამო არ აღმოჩნდება ნახევრადტკბილი და აღმოჩნდება მშრალი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მეწარმეს დაცული ადგილწარმოშობის დასახელებას ვუკრძალავთ, ესენია ხვანჭკარა, ქინძმარაული და სხვა და ეს ღვინო ჩამოხარისხდება, როგორც სუფრის ღვინო.
საექსპორტო განცხადებების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საინსპექციო კონტროლი, რომლის დროსაც მოწმდება მხოლოდ მზა პროდუქცია, შესაბამისად ვიღებთ ლოტს, რომელზეც მეწარმემ განაცხადა სერტიფიცირების სურვილი და კონკრეტული ლოტიდან ვიღებთ ნიმუშს და დგინდება რამდენად არის შესაბამისობაში სერტიფიცირებაზე წარმოდგენილი ლოტი წარმოებულ ლოტთან და ამის შემდეგ მეწარმეს ექსპორტზე მწვანე შუქი ენთება“ , - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.