7 იანვარს კვიპროსელმა მეცნიერებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია COVID-19-ის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ. მათი განცხადებით, ის უკვე არსებული ორი შტამის – დელტასა და ომიკრონის ჰიბრიდია, რის გამოც დელტაკრონი უწოდეს.
დელტაკრონი კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკუთარ ლაბორატორიაში აღმოაჩინეს. დეპარტამენტის ხელმძღვანელის – ლეონდრიოს კოსტრიკის თქმით, მას დელტას მსგავსი გენომი და ომიკრონის შესაბამისი მახასიათებლები აქვს. მათივე ინფორმაციით, 7 იანვრის მონაცემებით, დელტაკრონით ინფიცირებული იყო 25 ადამიანი, რომელთაგან 11-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. თუმცა, პროფესორმა კოსტრიკმა განაცხადა, რომ ნაადრევია საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენად გადამდებია დელტაკრონი.
პროფესორი კოსტრიკისა და მისი გუნდის აღმოჩენა არ გაიზიარა მეცნიერების გარკვეულმა ნაწილმა. Wellcome Sanger Institute-ის COVID-19-ის გენომიკის ინიციატივის დირექტორის – ჯეფრი ბერეტის განცხადებით, ის თითქმის დარწმუნებულია, რომ დელტაკრონი არა ბუნებრივად წარმოქმნილი ახალი ვარიანტი, არამედ ლაბორატორიული კონტამინაციის შედეგია. იმავეს ამბობს ტომას პიკოკი, Imperial College London-ის ვირუსოლოგი, და აღნიშნავს, რომ ლაბორატორიული ნიმუშების შერევა ყველგან შეიძლება მოხდეს და ეს მათი მუშაობის ხარისხზე არ მეტყველებს.
კოლეგების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას არ ეთანხმება პროფესორი კოსტრიკი და ამბობს, რომ დელტაკრონი ლაბორატორიული დაბინძურების შედეგი არ არის. ამის დასადასტურებლად კი აცხადებს, რომ დელტაკრონით ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალია ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, ვიდრე არაჰოსპიტალიზებულებში, რაც ლაბორატორიული დაბინძურების ჰიპოთეზას ნაკლებად სარწმუნოს ხდის. მისივე განცხადებით, დელტაკრონის ნიმუშები შეისწავლეს სხვადასხვა პროცედურით, ერთზე მეტ ქვეყანაში, რაც ამცირებს შეცდომის დაშვების ალბათობას.
ამის შემდეგ კვიპროსზე დელტაკრონის კიდევ 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პროფესორ კოსტრიკს მხარი დაუჭირა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმაც და საჯაროდ განაცხადა, რომ ამაყობს კვიპროსელი მეცნიერებით.
ამ დროისათვის კვიპროსის მოსახლეობის 70% ორი დოზითაა ვაქცინირებული, ბუსტერი კი მოსახლეობის 40%-ს აქვს მიღებული.
წყარო: businessfeed.ge