ქალაქში არსებული საცობების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა თბილისის შემოვლითი (შემოსავლელი) გზის მდგომარეობა. სოციალურ ქსელშია არაერთი ფოტო-ვიდეომასალა გავრცელდა იმის შესახებ, რომ სახარბიელო მდგომარეობა არც შემოვლით გზაზეა და ამ გზაზეც ხშირია საცობები. ფეისბუკმომხმარებლები წერენ იმის შესახებ, რომ გლდანის მიმდებარედ არსებული ხიდის რეაბილიტაცია ძალიან გაჭიანურებულია და ავტომობილებს, მათ შორის მრავალრიცხოვან სატრანზიტო, დიდი მოცულობის მანქანებს შეფერხებით უწევთ მოძრაობა.
როდის იგეგმება ხიდის რეაბილიტაციის დასრულება, ამ კითხვით კომერსანტმა საგზაო დეპარტამენტს მიმართა. უწყებაში გზაზე არსებულ შეფერხებებს ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამას მუდმივი და ინტენსიური ხასიათი არ აქვს. ხიდის რეაბილიტაცია კი მათი თქმით მაისში დასრულდება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულდეს მაისში, ამ ეტაპზე მოძრაობის ინტენსივობა მაღალია, რეაბილიტაციის გამო კრიტიკულ საათებში გზის გარკვეულ მონაკვეთებში ხანდახან არის შეფერხებაც, თუმცა არა ისე რომ გაჩერებული იყოს მოძრაობა.“- აცხადებენ უწყებაში.
თბილისის შემოვლითი გზა იწყება ზაჰესის ხიდიდან და უერთდება რუსთავი-წითელი ხიდის გზას. აღნიშნული გზით უმეტესად ტრანზიტული ტრანსპორტი მოძრაობს.