საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ მთავრობის მიერ ბანკებისთვის საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრებას აფასებენ და აცხადებენ, რომ მოგების გადასახადის გაზრდა აისახება ბანკების საბალანსო უწყისებზე და ერთჯერადი ეფექტი 80-დან 110 მილიონ ლარამდე იქნება.
„თიბისი ბანკის“ განცხადებით, მოდელის ცვლილებას დაუყოვნებელი გავლენა ექნება გადავადებულ საგადასახადო აქტივსა და გადავადებული საგადასახადო ვალდებულების ნაშთებზე, ასევე მოგების გადასახადის შესაბამის მაჩვენებელზე. მათი ინფორმაციით, მთლიანი პოტენციური ერთჯერადი დანახარჯი ჯგუფის მოგებაზე შეფასებულია 100-110 მილიონი ლარის ოდენობით 2022 წლის 30 სექტემბრის საბალანსო უწყებაზე დაყრდნობით, რაც გასული წლის შედეგებშიც აისახება.
„საქართველოს ბანკში“ კი 2022 წლის სექტემბრის ბალანსზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ საგადასახადო ცვლილება გამოიწვევს 80-90 მილიონი ლარის ერთჯერად გადავადებულ საგადასახადო დანახარჯს. მათი ინფორმაციით, მოდელის ცვლილებას დაუყოვნებელი გავლენა ექნება გადავადებულ საგადასახადო აქტივსა და გადავადებულ საგადასახადო ვალდებულების ნაშთებზე.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში უმსხვილესი ბანკები განმარტავენ, რომ მათი ეფექტური საგადასახადო მაჩვენებელი 14-16%-ის შუალედში განისაზღვრება.