ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება. აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ორგანიზებული გაფიცვის მე-7 დღეს, გაფიცულები კომპანიის მხრიდან შრომითი უფლებების მინიმალური სტანდარტების გაკმაყოფილებას ითხოვენ. ამის შესახებ Labor-ის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ Facebook-ზე ვიდეო ჩართვისას ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, გაფიცულთა რაოდენობა იზრდება და მათ კომპანიის თანამშრომლების გარდა სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც უერთდებიან.
„დამსაქმებელი გარკვეული სახის პროვოკაციებს მცდელობები აქვს, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვფიქრობ, სახელმწიფომ ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციოს იქიდან გამომდინარე, რომ აქ არსებულ მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა დამსაქმებელს ეკისრება. მათ გაფიცულებისთვის თავისი კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება არ დაურიცხავთ და იმ პირების, რომლებიც პროფკავშირის წევრები არ იყვნენ, მათ დაურიცხათ.
გაფიცულთა რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ შრომითი უფლებების მინიმალური სტანდარტებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. არაფერ განსაკუთრებულს ეს ადამიანები არ ითხოვენ“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.
გაფიცულთა განმარტებით, კომპანია სახელფასო ანაზღაურებას ყოველი თვის 17 რიცხვამდე რიცხავს, თუმცა გაფიცულებს ხელფასები დღემდე არ დარიცხვიათ.
მათივე ცნობით, დიდთოვლობიდან გამომდინარე გაფიცულებთან კომუნიკაცია რთულია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან; შეფერხებულია სატელეფონო კავშირი. დამსაქმებელი და ხელისუფლება კი ამ დრომდე დუმან.