Forbes-ის გათვლებით, ომის გამო უკრაინის 20-მა უმდიდრესმა ადამიანმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.
ბოლო წლების განმავლობაში, ოლიგარქები, რომლებიც აკონტროლებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მრეწველობას, წლიური ფინანსური რეიტინგების სათავეში უცვლელად აღმოჩნდნენ. უკრაინის უმდიდრესმა კაცმა რინატ ახმეტოვმა, ისევე როგორც გასულ წელს, რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
თუმცა ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ისა და Metinvest-ის ფოლადის და სამთო კონგლომერატის მფლობელმა, მის მშობლიურ დონბასში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო 9,3 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ახმეტოვის ქონება თუ თებერვალში 13 მილიარდი დოლარი იყო, ახლა 4,4 მილიარდად არის შეფასებული.
უკრაინის ყველაზე ძვირადღირებული ტექნიკური სტარტაპის, გრამატიკის შემოწმების პოპულარული ინსტრუმენტის Grammarly-ის თანადამფუძნებლები, მაქსიმ ლიტვინი და ოლექსი შევჩენკო Forbes-ის სიაში მეორე და მესამე ადგილზე არიან.
თითოეულის ქონება ახლა 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. უკრაინაში დაბადებული ტექნიკოსები მილიარდერები გახდნენ მას შემდეგ, რაც 200 მილიონი დოლარის საინვესტიციო გარიგებამ, Grammarly-ის ღირებულება 13 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
Grammarly-ის თანადამფუძნებლებს სიაში მოჰყვებიან ოლიგარქები ვიქტორ პინჩუკი და კოსტიანტინ ჟევაგო, რომელთა წმინდა ქონება, შესაბამისად, 2,2 და 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
საერთო ჯამში, Forbes-მა გააანალიზა 129 უკრაინელი ბიზნესმენის ქონება, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში უმდიდრეს 100-ეულში მოხვდნენ.