„ვფიქრობ, რაც არ უნდა დიდი რაოდენობის ტრანზაქციები განხორციელდეს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.60-იან ნიშნულს არ ჩამოცდება“, — ამის შესახებ საერთაშორისო კვლევების და პროგნოზების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, წელს ლარის კურსი 2.65-ის ფარგლებში იქნება.
„ლარის კურსის ცვლილებას მარტის დასაწყისამდე არ ველით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით, დაახლოებით 2.65-ს ფარგლებში იქნება, რადგან ტრანზაქციები ისევ არის და გადმორიცხვები გრძელდება, რაც აისახება ეკონომიკაზე ზრდის კუთხით. ტრანზაქციების ზრდის პარალელურად, სამშენებლო სექტორი და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების მიმართულება მაღალ შემოსავლებს ისევ იღებს და ამ სექტორში ვინც მუშაობს, მათი ბიუჯეტი იზრდება.
თუ მოხდა კონფლიქტის დეესკალაცია მაისში, მართალია რუსეთს სანქციები არ მოეხსნება, მაგრამ გარკვეული ნაწილი დაბრუნდება რუსეთში მაშინ ცოტა სხვაგვარი მაჩვენებლები იქნება. ზოგადად ის ფაქტი, რომ ლარის კურსი 2.6-იან ნიშნულს ჩამოცდება, ამას არ ვპროგნოზირებ, რადგან ამ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები ექმნება საქართველოს ექსპორტს, ის არაკონკურენტუნარიანი ხდება იმ ქვეყნებში სადაც პროდუქცია უნდა გაიტანონ. ვფიქრობ, რაც არ უნდა დიდი რაოდენობის ტრანზაქციები განხორციელდეს, ლარის კურსი დოლართან მიმარტებით 2.60-იან ნიშნულს არ ჩამოცდება“, — ამბობს ნიკა შენგელია.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6474 ლარი გახდა.