მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეკორდულ მოგებაზე არიან. 2021 წლის მე-4 კვარტალში მისო-ების წმინდა მოგებამ 97.8 მლნ ლარს გადააჭარბა. ეს თითქმის 20 მლნ ლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით (78,769 მლნ ლარი), წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან (45,127 მლნ ლარი) შედარებით კი 52,6 მლნ ლარით არის გაზრდილი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შენგელიას თქმით, მოგება ძირითადად იმ სუბიექტების ხარჯზეა გაზრდილი, რომლებიც სალომბარდე საქმიანობას ეწევიან. გარდა ამისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 2019 წელს დაწესებულ რეგულაციებთან ადაპტაცია მოუწიათ, რომლის მიხედვითაც გართულდა სესხების გაცემა, 2020 წელს კი, დაემატა ახალი პროდუქტები, მოხდა სესხების რესტრუქტურიზაცია, რაც სტატისტიკაშიც შესაბამისად აისახა.
,,მომგებიანობასთან დაკავშირებით, ხშირად ხდება არასწორი ინტერპრეტაცია. მიკროსაფინანსო სფეროში ორგანიზაციების ძალიან დიდი სპექტრია წარმოდგენილი, სხვადასხვა ბიზნეს-პროფილით. მათ ჰქვია მისო, თუმცა აქტივობით, კლიენტურის სპეციფიკით და ბიზნეს მოდელით ძალიან დიდი სხვაობაა. ერთმა დიდმა, ლომბარდული ტიპის დაწესებულებამ რომ დაწეროს დიდი მოგება, ეს აისახება ზოგადად სექტორის ზრდის რიცხვებზე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩვენი სექტორი გაიზარდა. ძირითადი ზრდა მსგავსი ლომბარდული ტიპის სეგმენტზე მოდის. თუმცა, ბოლოო პერიოდში, რაც თავისუფლად ფუნქციონირების საშუალება მოგვეცა, ჩვენს სექტორშიც ნამდვილად არის ზრდა და პოზიტიური ტენდენციაც შესამჩნევია.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა იყო 2019 და 2020 წლებში. 2019 წელს ძირითადად რეგულაციებმა შეგვზღუდა. ადაპტაციას საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდა. 2019 წლის პირველი ნახევარი იყო რისკიანობასთან ბრძოლის პერიოდი და შესაბამისად, ახალი მოთხოვნების დანერგვა მოგვიწია საკრედიტო პოლიტიკაში. წლის მეორე ნახევარში კი, ნელ-ნელა ახალი მიდგომებით დაიწყო სესხების გაცემა.
2020 წელს კი უკვე ბევრი ახალი პროდუქტის დანერგვა მოგვიწია. გარდა ამისა, მოხდა ძალიან ბევრი რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება და ა.შ. იგივე გადავადებები, რამაც ერთის მხრივ პორტფელის შენარჩუნებაც გამოიწვია და მოგვიწია უფრო აქტიურად მუშაობა, რამაც შედეგი 2021 წელს გამოიღო“,- ამბობს ბესო შენგელია.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტალში ბაზარზე 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა. აღნიშნულ პერიოდში მისო-ების საპროცენტო შემოსავალმა 324 463 284 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 290 866 335 ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 8 426 046 მლნ ლარი შეადგინა.
ნინო თამაზაშვილი