2023 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს. თებერვალში გასაყიდი ფასის წლიურმა ზრდამ - 30%, ქირის ფასის ზრდამ კი 125% შეადგინა, რისი ძირითადი ფაქტორებიც მაღალი ამონაგები, კურსის გამყარება, სამშენებლო მასალების ფასების ზრდა და მიგრანტების ქვეყანაში დარჩენაა. ინფორმაცია თიბისი კაპიტალმა განახლებულ მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის მაკრო-სექტორული შედეგები შეაჯამეს.
2022 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ თბილისში და ბათუმში შეძენილი ბინების წილი გაიზარდა, რაც პანდემიის დასრულებამ, მიგრაციამ და მაღალმა ამონაგებმა განაპირობა. 2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში გაყიდული ბინების 7% რუსეთის მოქალაქეებმა, 9% კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს. ბათუმში გაყიდული ბინების 24% - რუსეთის მოქალაქეებმა, 30% კი - სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.
საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ამონაგები ისტორიულ მაქსიმუმზეა. შესაბამისად, ინვესტორებისთვის გაიზარდა მისი მიმზიდველობა დაზოგვის სხვა საშუალებებთან შედარებით.
„საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასისა და გაყიდვების რაოდენობის კორექცია ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან დაიწყება. ბინების ქირის ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 7%-ით დაიკლებს. ბინების გასაყიდი ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 1%-ით მოიმატებს. ბინების გაყიდვები კი, 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 3%-ით დაიკლებს“,— აღნიშნულია მიმოხილვაში.