2022 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 15.4%-იან ზრდას აჩვენებს. „საქსტატში“ აღნიშნულის მიზეზებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 6.5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-11.6 პროცენტი);
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 20.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 16.56 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (17.1 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (157.8 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (29.8 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 7.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.66 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.06 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 15.4 პროცენტიანი ზრდა.