ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთიდაიგივე მაგნიტუდის მიწისძვრას სხვადასხვა დასახლებებში სხვადასხვა ზიანის მოტანა შეუძლია.
„მიწისძვრით გამოწვეული ზიანი სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვაა. თბილისში სხვაა, ჯავახეთში სხვა. მაგალითად, თუ მაგნიტუდა 5 თბილისთან ახლოს მოხდა, შეუძლია გამოიწვიოს ზარალი, ეს შეუძლია მაგნიტუდა 7-საც, რომელის შესაძლოა თბილისიდან 50 კილომეტრში მოხდეს. უნდა ითქვას, რომ საშუალო დონის მიწისძვრაც კი ჩვენთვის პრობლემაა, რადგან, ჩვენთან ძალიან ბევრია ძველი შენობები. ადრე თბილისი 7 „ბალიან“ ზონაში იყო მოქცეული, შემდეგ 8 „ბალიანზე“. თბილისის დღევანდელი სეისმური საფრთხე 8 ბალს შეესაბამება“ – აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა
სეისმოლოგმა ისიც აღნიშნა, რომ მშენებლობის სფეროში ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი.
„თუ ძველ შენობებზე ვისაუბრებთ, სპიტაკის მიწისძვრა აჩვენებს, რომ საბჭოთა პერიოდის შენობებს მთელი რიგი პრობლემები აქვს. თანამედროვე შენობებზე ვერ გეტყვით როგორი კონტროლი არსებობს. თუმცა, პრობლემები რომელიც ახალ შენობებს მიწისძვრის გარეშეც ექმნებათ, გვიჩვენებს, რომ სფეროში ბერი რამაა მოსაწესრიგებელი. ბევრგან უნდა მოწესრიგდეს, რომ ეს სფეროც მოწესრიგდეს“ – აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა.