საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, ელექტროენერგიის იმპორტმა 2020 წელს 1610,1 მლნ. კვ/სთ შეადგინა, 2021 აგვისტოს ჩათვლით ეს მაჩვენებელი 1715.9 მლნ კვ/სთ-ზეა. რა მოცულობის ელენერგიის შეძენა მოგვიწევს აპრილამდე და რა იქნება მისი ფასი, ამ და სხვა თემებზე „კომერსანტთან“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ზუსტი ციფრის დასახელება რთულია, მაგრამ ეს მაჩვენებელი დაახლოებით შარშანდელი მონაცემის – 1,7 მლრდ კვ/სთ-ის ტოლი იქნება.
„აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ როდესაც ჩვენ წელს დავაბალანსებთ, წლევანდელი წლის შესყიდვიდან რუსეთიდან აფხაზეთისათვის შემოსული ელექტროენერგია აუცილებლად უნდა ამოვიღოთ. თუ ჩვენ იმ ელექტროენერგიას, რომელიც ენგურის გაჩერების გამო აუცილებელი შეიქმნა აფხაზეთის მომარაგებისათვის ბალანსიდან ამოვიღებთ, ვფიქრობ, რომ წლიური მაჩვენებელი 1,5 მლრდ–დან 1,7 მლრდ–ზე მეტი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, თუ ამ მაჩვენებელს აფხაზეთისთვის მიღებულ ენერგიას დავამატებთ, ჯამში მეტი იქნება. მაისში აფხაზეთისთვის ჩვენ დაახლოებით 900 მილიონიდან 1 მლრდ -მდე ენერგია დაგვჭირდა და თუ ბალანსში ამ მაჩვენებელს შევიტანთ, ელექტრო ენერგიის იმპორტის მაჩველებელი 2 მლრდ-დან – 2,7 მლრდ-მდე კილოვატ საათს შეადგენს“, - აღნიშნა გია არაბიძემ.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ყიდვის ღირებულებას გია არაბიძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია თუ დღის რა მონაკვეთში იქნება ენერგია შესყიდული. მისივე თქმით არის შემთხვევები, როცა ენერგიის შესყიდვა პიკის საათებში ხდება, საშუალოდ კილოვატ საათის ფასი 4,5 ცენტიდან 5 ცენტამდე იქნება.
„ჩვენი ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა აფხაზეთთან მიმართებაში მას რუსეთი ჩაენაცვლა, რადგან აფხაზეთის ენერგიის დაახლოებით 80 - 90% იანვარ-მაისში რუსეთიდან შემოვიდა. თუ ბალანსი ისე იქნება დამყარებული, როგორც დღეს არის, დღევანდელი ბალანსი დაახლოებით ასეა , რომ 60-65% ენერგიას ჩვენ ვყიდულობთ აზერბაიჯანიდან და დანარჩენი მცირე ნაწილი შემოდის თურქეთიდან და რუსეთიდან. თუ ეს ნაწილი იქნა შენარჩუნებული, არ ველი, რომ აზერბაიჯანი ჩვენ ელექტროენერგიის ფასს მოგვიმატებს, რადგან აზერბაიჯანი ამ ენერგიას ძირითადად ბუნებრივი გაზის მეშვეობით იღებს, თვითონ აზერბაიჯანში ბუნებრივი გაზის ფასი, ევროპისგან განსხვავებით, არ გაძვირებულა. შესაბამისად, აზერბაიჯანს ამ გაზის თვითღირებულება ძვირი არ დაუჯდება, რადგან საკუთარ გაზს წვავს.
ელექტროენერგიის ფასის ძალიან მკვეთრ ზრდას არც რუსეთიდან ველით, რადგან რუსეთიც ენერგიას ადგილობრივი რესურსებით გამოიმუშავებს, თუმცა რუსეთმა სამომხმარებლო გაზის ტარიფი ივნისსა და ივლისში საკმაოდ სერიოზულად გაზარდა“, - აღნიშნა გია არაბიძემ.
რაც შეეხება ალტერნატიულ ენერგიის წილს, არაბიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით არსებული გეგმის შესრულება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან იმისათვის, რომ მზის და ქარის ალტერნატიული ენერგიის ექსპლუატაციაში შესაყვანად სარეზერვო სიმძლავრეებია საჭირო.
„მზე და ქარი რომ ექსპლუატაციაში შეიყვანო, ამისათვის ორი ვარიანტია, ერთი ვარიანტი არის ის, რომ უნდა გქონდეს სარეზერვო სიმძლავრე, რადგან როდესაც დაღამდება, ქარი ჩადგება ან ღრუბლიანი ამინდი იქნება, სისტემას ვერ გააჩერებ.
მეორე ვარიანტი არის ის, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებით გამომუშავებული ენერგია ე.წ. აკუმულატორებში შეინახოს და ენერგიის არგამომუშავების პერიოდში იქიდან მოხდეს ქსელის კვება და ენერგიის მიწოდება. ენერგიის შემნახველები და აკუმულატორები საკმაოდ ძვირია და ტარიფს ზრდის. გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ამ ეტაპზე მისაღებია, იმიტომ რომ ჰიდროენერგეტიკა ჩვენი ქვეყნისათვის საკმაოდ ბევრი გვაქვს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ალტერნატიული ენერგია თამამად შემოვიყვანოთ, ოღონდ ვიქონიოთ სარეზერვო სიმძლავრეები.
სარეზერვო სიმძლავრეები რაც გვაქვს, ესენია ჟინვალი, ენგური და ა.შ. აქ იყო ძალიან სერიოზული გათვლა იმაზე, რომ სადღაც 2030 წლისათვის ექსპლუატაციაში შემოვიდოდა ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი და ამ დროისათვის ჩვენ შეგვეძლო უკვე სადღაც 1100 - 1200 მეგავატი განახლებული ენერგეტიკის წყაროები შემოგვეყვანა ექსპლუატაციაში. ნამახვანზე და ხუდონზე რაც ხდება, ვიცით, სხვა სადგურებზეც განსაკუთრებული აღმშენებლობა არ მიმდინარეობს, ამიტომ ბუნებრივია ეს გეგმაც, რომ 2025 წლისათვის გვექნება 400 მეგავატი, გადასახედი იქნება, იმიტომ რომ ჩვენი სარეზერვო სიმძლავრეები რომლითაც დავგეგმეთ სადგურების მუშაობა, მათი მშენებლობის პროცესი გაჩერებულია“, – აღნიშნა გია არაბიძემ.
2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1610.1მლნ. კვ/სთ შეადგინა, აქედან რუსეთიდან მთელი წლის განმავლობაში 570,6მლნ კვ/სთ, თურქეთიდან 313,6 მლნ კვ.სთ ხოლო აზერბაიჯანიდან 726,3კვ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა.
თაკო კვაჭანტირაძე