კომპანია “მედიანას“ დახმარებით რამდენიმე თვეში საქართველოში 5 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა. ახალი სერვისი, რომელიც უცხოელებისათვის ბინის ყიდვაში და შემდგომ მის გაქირავებაში დახმარებას გულისხმობს, საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა.
„კომპანია Wehost-ი 5 წელია არსებობს, ძალიან ბევრმა ბინამ გაიარა ჩვენს ხელში და თითოეული ქუჩის მიხედვით უკვე გვაქვს წარმოდგენა თუ რა თანხა შეიძლება მიიღოს გამქირავებელმა. ამიტომ გაგვიჩნდა იდეა, რომ დაგვეწყო ახალი პროექტი და დაგვეარსებინა საკონსულტაციო კომპანია. ამისათვის დავაფუძნეთ ახალი კომპანია „მედიანა“. ჩვენ არ ვეკვეთებით სხვა უძრავი ქონების კომპანიებს და არც მაგისი პრეტენზია გაქვს.
გეტყვით, რომ უცხოელების მხრიდან საქართველოში ბინების შეძენაზე შემდგომი გაქირავების მიზნით დიდი ინტერესია. უკვე 5 მლნ დოლარის ტრანზაქცია გვაქვს გაკეთებული და უცხოელები, თბილისის შემთხვევაში, უკვე ითვლიან ინვესტიციაზე უკუგებას 7-10%-მდე, რაც უძრავი ქონების ბაზარზე ასეთ მოკლე პერიოდში საკმაოდ დიდი ღირებულებაა. ამიტომ ინტერესი დიდია.
ჩვენც მათ ვთავაზობთ მთლიან პაკეტს. ადამიანს, რომელსაც უნდა საქართველოში უძრავ ქონებაში დააბანდოს ფული უკან ყავს Wehost , რომელიც უვლის მის ქონებას და ეხმარება მის გაქირავებაში. რეალურად ფულს ვიღებთ იმაში, რომ ადამიანებს სრულ სერვისი მივაწოდოთ, კლიენტს ვთავაზობთ კარგ ვარიანტებს. შეგვიძლია დასაბუთებული კვლევაც გავუკეთოთ, სავარაუდოდ პოტენციური შემოსავალი რა ექნება და Wehost-ის კუთხით მივცეთ იმის გარანტია, რომ ეს შემოსავალი ნამდვილად ექნება“, აცხადებს Wehost-ის და „მედიანას“ დამფუძნებელი ნიკა ანჯაფარიძე.
რაც შეეხება ბინებს, რომლითაც უცხოელები ინტერესდებიან, შეიძლება იყოს, როგორც მშენებარე, ასევე ახალ აშენებული და ძველი აშენებული. მოთხოვნა კი ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან, კანადიდან და შვეიცარიიდან შეინიშნება.