უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეებისადმი მიმართვის დროს მშვიდობის მიღწევის უკრაინული ფორმულის შესახებ ისაუბრა და უცხოელ ლიდერებს მოუწოდა უკრაინას მის განხორციელებაში დაეხმარონ.
„მშვიდობის უკრაინული ფორმულა ძალიან მკაფიოა და მისი თითოეული პუნქტი აბსოლუტურად დეტალურად შემუშავებული: რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, რუსული ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის წინააღმდეგ ბრძოლა, ესკალაციის პრევენცია, ომის დასრულების დადასტურება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თითოეული ეს პუნქტი წარმოადგენს კონკრეტულ გადაწყვეტილებას უსაფრთხოებისთვის და ამის შედეგად რუსული აგრესია არა მხოლოდ შეჩერდება, არამედ აღდგება სტაბილურობა და მსოფლიოს ცხოვრებაც პროგნოზირებადი გახდება.
„ამიტომ ჩვენი მშვიდობის ფორმულა , არის მშვიდობის ფორმულა მსოფლიოსთვის ,“- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან მოუწოდა უცხოელ ლიდერებს აირჩიონ სამშვიდობო ფორმულის ელემენტი, რომლის განხორციელებაშიც მათ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას.