მცირე და საშუალო ბიზნესი ხელისუფლებასთან შეხვედრისთვის მზადაა. მოქნილი საგადასახადო სისტემა, სესხებზე ხელმისაწვდომობა, სურსათის უვნებლობის სპეციალური სტანდარტის დაწესება საოჯახო საწარმოებისთვის და სავაჭრო ობიექტებში რეალიზაციის ხელშეწყობა - ეს ოთხი ძირითადი საკითხია, რასაც ,,მეწარმეთა კავშირის“ დამფუძნებელი გოგა ციცქიშვილი საქართველოში სამეწარმეო ბიზნესის მთავარ პრობლემად მიიჩნევს.
,,საგადასახადო კუთხით რამდენიმე ნიუანსია, რასაც მოწესრიგება სჭირდება. თუნდაც მოთხოვნა საკვები პროდუქტების უვნებლობასთან დაკავშირებით, რაც მეწარმეებისთვის დიდი ბარიერია. მესმის, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტის დაცვა აუცილებელია, საქმე კვებას ეხება. თუმცა ბევრია საქართველოში საოჯახო საწარმო, რომლის საქმიანობა კანონდარღვევად მიიჩნევა და მუშაობის შესაძლებლობა არ აქვს. ამ დროს გვყავს ყველის, აჯიკის და სხვა პროდუქციის მწარმოებლები, რომლებიც საკვებს ოჯახურ პირობებში აწარმოებენ და უწევთ ზუსტად იგივე კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რასაც მსხვილი საწარმოებისგან ითხოვენ. კარგი იქნება, თუ ეს საკითხი მოგვარდება და წარმოების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. პრობლემაა ასევე სესხზე ხელმისაწვდომობა, ვინაიდან საბრუნავი კაპიტალი ბანკის მხრიდან ერთ-ერთი კრიტერიუმია, რასაც მეწარმეების უმეტესობა რეალურად ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, სესხზე ხელმისაწვდომობა ეზღუდება“, - ამბობს გოგა ციცქიშვილი ,,კომერსანტთან“. პრობლემებს შორის, რასაც მცირე მეწარმეები აწყდებიან, სავაჭრო ობიექტებში პროდუქტის რეალიზაციაა. როგორც ციცქიშვილი აღნიშნავს, წარმოუდგენელია იმ პირობების დაკმაყოფილება, რაც მეწარმეებს ამ შემთხვევაში მოეთხოვებათ.
,,მსხვილ სავაჭრო ობიექტებში შესასვლელად მოითხოვენ იმხელა გადასახადს, რის გადახდის საშუალება მეწარმეების უმეტესობას არ აქვს. ვინც მაინც გარისკა და შევიდა სუპერმარკეტებში, 90% გაკოტრდა. ფაქტობრივად მთელი საბრუნავი კაპიტალის ჩადება უწევს მეწარმეს, რაც არასამართლიანია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებასთან დავაყენებთ საკითხს, რომ შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეების მიმართულებით იმუშავებს და მედიატორის ფუნქციას იკისრებს სუპერმარკეტების წარმომადგენლებსა და მეწარმეებს შორის“, - აცხადებს გოგა ციცქიშვილი.
,,მეწარმეთა კავშირის“ ხელმძღვანელის თქმით, უცნობია, მიიწვევს თუ არა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თუმცა აღნიშნულ საკითხებს აუცილებლად გააცნობს პარლამენტს თუნდაც წერილობითი ფორმით და ქმედითი შემხვედრი ნაბიჯის გადადგმას დაელოდება.
ციცქიშვილის თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ მათ მოთხოვნებს ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინებენ.
ცნობისთვის, გოგა ციცქიშვილი ამავდროულად ადგილობრივი, ნატურალური ქართული პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „გირჩევნიას“ დამფუძნებელია. კომპანია 2013 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა პროდუქტს, როგორიცაა გირჩის მურაბა, თაფლი, ფიჭვის კევი და ფიჭვის ყვავილის მტვერი. ნედლეული ბორჯომსა და რაჭაში გაზაფხულზე ან ზაფხულის პირველ დღეებში გროვდება. გემოვნურ თვისებებთან ერთად, „გირჩევნიას“ პროდუქტები უნიკალური სამკურნალო-საპროფილაქტიკო მახასიათებლებითაც გამოირჩევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კერძო სექტორთან „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში“ თემატური მოკვლევის ფარგლებში შეხვედრას მართავს.
თემატური მოკვლევის მიზანია კრიზისული და პოსტკრიზისული პერიოდში მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე დამდგარი/გამწვავებული პრობლემების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
დასკვნის გამოქვეყნება 2021 წლის ბოლომდე იგეგმება.
მარი ჩიტაია