რადიო კომერსანტის ეთერში „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა და საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი სალუქვაძემ განაცხადა, რომ ზამთრის კურორტები, განსაკუთრებით ბაკურიანი და მისი ინფრასტრუქტურა ტურისტების მისაღებად მზად არ არის.
„რას ვახვედრებთ უცხოელ ტურისტებს საქართველოში - გაჩანაგებულ, გაუბედურებულ ბაკურიანს და გუდაურს? ახლა ბახმაროზე იწყება ძალიან დიდი შეტევა. გვინდა, რომ რუსულ ბაზარს მოვწყდეთ და მეტი ევროპული ტურისტი გვყავდეს, მაგრამ მათ მაღალი ხარისხიც უნდათ, არ სჭირდებათ ბეტონის ჯუნგლები. იქ კორპუსების მშენებლობა არ შეიძლება. იცით რა მძიმე მდგომარეობაა ბაკურიანში? ზუსტად იგივე მდგომარეობაა გუდაურში. მშენებლობის ნებართვები უნდა შეჩერდეს, დაკონსერვდეს და ახალი კომისია შეიქმნას, რომელიც ამ ყველაფერს შეისწავლის. მაგალითად, კანადელების გეგმის მიხედვით გუდაურის განვითარება ძალიან სწორად მიმდინარეობდა. დღეს კი სამშენებლო ნებართვებია გაცემული იქ, სადაც გეგმის მიხედვით საბაგიროები და ტრასები უნდა ყოფილიყო“, განაცხადა გიორგი სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება. გიორგი სალუქვაძის თქმით, ჩემპიონატისთვის 11 სათხილამურო ტრასა და სპეციალური ტრამპლინები იქნება მოწყობილი და ეს ინფრასტრუქტურა საქართველოს დარჩება, სადაც სამომავლოდ ქართველი სპორტსმენები შეძლებენ ვარჯიშს.
„ბაკურიანში საწოლების პრობლემა არ იქნება, რადგან კურორტზე ბევრი სასტუმრო და აპარტოტელია. ბაკურიანის მოწყობა წლების განმავლობაში იმდენად არასწორად მიმდინარეობდა, არ ვიცი ქალაქი რამდენადაა მზადაა ამ ტურისტული ნაკადისთვის. გზების და პარკინგების მხრივ შეიძლება ნამდვილად შეგვექმნას პრობლემა“, განაცხადა გიორგი სალუქვაძემ.
მთის კურორტების ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მთის კურორტების განვითარების სამსახურს, რომელიც მთის ტრასების სააგენტოდ გადაკვალიფიცირდა, ახალი ხელმძღვანელი - ირაკლი ბურჭულაძე ჰყავს. გიორგი სალუქვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელი მთის კურორტების განვითარებას საქართველოში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა