„10-დან 3-4 შემთხვევაში ქართველები რუსებისთვის ბინის მიქირავებაზე უარს ამბობენ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ უძრავი ქონების აგენტმა ტატო ტარიელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივები ამის მიზეზად ძირითადად, შესაძლო საფრთხეებს ასახელებენ.
„ძირითადად ასეთ მიზეზს ასახელებენ: შესაძლებელია, ვერ გააგრძელოს გადახდა, ასევე, ამბობენ, რომ ახლა ჩამოსახლდებიან და როგორც დონბასში მოხდა, უკრაინის მაგალითი განმეორდება ჩვენთანაც, აგენტურული ქსელია, ვერ გადაიხდის და მერე ბინიდან ვეღარ გავუშვებ და ა.შ.
შემიძლია ვთქვა, რომ 10-დან 3-4 შემთხვევაში ქართველები რუსებისთვის ბინის მიქირავებაზე უარს ამბობენ“, - აღნიშნა ტატო ტარიელაშვილმა.
როგორც უძრავი ქონების აგენტი ამბობს, მას შემდეგ, რაც რუსეთი-უკრაინის ომი დაიწყო, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების დაქირავებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა და იმის გამო, რომ მათთვის მისაღებ ლოკაციებზე ბინები ნაკლებად იძებნება, თანახმა არიან კოლოსალური თანხებიც კი გადაიხადონ.
მისი თქმით, ყველაზე მოთხოვნადი ძირითადად ცენტრალური უბნებია. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ერთი დღიდან, ერთ წლამდე პერიოდითაც კი ჯავშნიან.
„არის შემთხვევები, რომ კოლოსალურ თანხებსაც კი იხდიან, თუ აწყობთ კონკრეტული ადგილი და ბინა. 50-100%-ით მეტის გადახდაზე არიან თანახმა, ოღონდ აქ ბინა იქირაონ“,- განაცხადა ტატო ტარიელაშვილი.
წყარო: BPN.ge