მსოფლიოში ბოლო 6 თვის განმავლობაში სურსათზე ფასის კლების ტენდენცია ნარჩუნდება, განახლებული მონაცემები დღეს გამოქვეყნდა. ამის მიუხედავად საქართველოში პროდუქტზე ინფლაცია მზარდია. რატომ არ აისახება მსოფლიო ტენდენცია ქართულ ბაზარზე? — კომერსანტთან ეკონომიკის ექსპერტმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა.
„ძირითადი ორი ფაქტორი იმისა, რომ საქართველოში პროდუქტი არ იაფდება მოგების მაღალი მარჟა და საწვავის მაღალი ფასია“ - აცხადებს შენგელია. მისი თქმით მიუხედავად ლარის მეტ-ნაკლებად გამყარებისა მსოფლიო ტენდენცია ჩვენთან მაინც არ აისახება.
„მსოფლიოში გარკვეულ პროდუქტებზე ფასები მცირდება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან არ აისახება, რადგან ჩვენ იმპორტიორებს მოგების მარჟის შემცირება არ უნდათ. ლარის კურსი ასე თუ ისე გამყარებულია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ეს არ ხდება და სწორედ ამიტომ ინფლაცია არა მარტო სურსათზე, არამედ საწვავზეც ვერ იკლებს.
ბოლო პერიოდში გადაზიდვებიც გაიაფდა, რადგან მიხვდნენ რომ გადაზიდვებზე ელვისებურად გაზრდილი ფასი მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვებოდა და ამას უბრალოდ ვერ გაუძლებდნენ. გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ რეგიონში ომია და შესაძლოა ეს უფრო დიდ რაღაცაში გადაიზარდოს, სწორედ იმის გამო რომ მსოფლიოში ზოგიერთი პროდუქციის ფასი იკლებს, გადაზიდვის ღირებულება“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
თაკო კვაჭანტირაძე