რატომ გაასხვისა თბილისის მერიამ ტყიანი სივრცე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში

რატომ გაასხვისა თბილისის მერიამ ტყიანი სივრცე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში

access_time2022-04-02 19:00:53

თებერვალში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქალაქის მერიისგან უსასყიდლოდ გადაეცა 2 მილიონი კვადრატული მეტრი მუნიციპალური მიწა თბილისში, თაბორის მთის მიმდებარედ.

მუნიციპალური ქონების გასხვისება, პირველ რიგში, ამ მუნიციპალიტეტისთვის დოვლათისა და შემოსავლის ზრდას უნდა განაპირობებდეს, თუმცა, ეკონომიკის სამინისტრომ თბილისის ცენტრის ახლოს, მაღლობზე განთავსებული მიწის ნაკვეთი უფასოდ მიიღო.

მერიამ ქონების რეალური ღირებულების შეუფასებლად, ავტომატურად დაუკმაყოფილა მოთხოვნა სამინისტროს. მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეკონომიკის სამინისტროს, ჯერ გასხვისებისა და შემდეგ განაშენიანებისთვის გადაეცა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ეკოლოგიური და კულტურული სივრცე – ტყით დაფარული ზონა.

ეს სივრცე ადრე არასდროს ყოფილა განაშენიანებული, რადგან განაშენიანება მის მნიშვნელოვან დაზიანებას გამოიწვევდა.

ტერიტორია კრწანისის რაიონში მდებარეობს. იგი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთან სამხრეთ-დასავლეთისკენ, კრწანისიდან შინდისამდე და ხეობებით დასერილ ვრცელ არეალს მოიცავს. ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით ტერიტორიას თბილისის ბოტანიკური ბაღი ესაზღვრება. ფერდობებიდან მომხიბვლელი ხედები იშლება ნარიყალას, მტკვრის, ბოტანიკური ბაღისა და ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობებით.

რატომ იცავს კანონი თაბორის მთას?

თაბორის მთა თბილისის ლანდშაფტის უნიკალური ნაწილია. იგი სამხრეთიდან ესაზღვრება თბილისის ისტორიულ ნაწილს  და მისი განიავებისა და სუფთა ჰაერით მომარაგების მნიშვნელოვანი წყაროა, მასზე გაშენებული ფიჭვის ტყის წყალობით. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფიჭვის ტყეების მთავარი დანიშნულება ქალაქის ფერდობების ძლიერი წვიმებით გამოწვეული ეროზიისგან დაცვა და წყლის რეჟიმისა და მიკროკლიმატის დაბალანსებაა.

ტყით დაფარული ეს ტერიტორია გამაჯანსაღებელი, სარეკრეაციო, თუ სხვა სასარგებლო ფუნქციით უნდა დაიტვირთოს და, ამდენად, მისი გაუნაშენიანებლად შენარჩუნება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თაბორის მთის დიდი ნაწილი,  მთის რელიეფისა და უნიკალური გეოგრაფიული თავისებურებების გამო, ჩვენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობაცაა.

თბილისის ლანდშაფტი, ოფიციალურად, 1985 წლიდანაა დაცული. მისი კულტურული და ეკოლოგიური მნიშვნელობა გამყარდა 2019 წელს დამტკიცებული გენერალური გეგმითაც. მიუხედავად ამისა, 2004 წლიდან დღემდე, ეს ტერიტორია ნიშვნელოვნად ზიანდება შეუსაბამო სამშენებლო ჩარევებისა და კომერციული მშენებლობების გამო.

ამ ტერიტორიაზე აკრძალული კომერციული განაშენიანების მაგალითებია ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი; მისი წინააღმდეგობრივი პროექტი „პანორამა თბილისი“; საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ აფილირებული კომპანიების მფლობელობაში არსებული გოლფ კლუბის კომპლექსი;

კომერციული მშენებლობები სოლოლაკის ქედზე, გერგეთის ქუჩასა და სხვა. აღნიშნული მშენებლობების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა არაერთი კვლევითა თუ პოლიტიკის დოკუმენტითაა დასაბუთებული და არაერთი სარჩელისა თუ საზოგადებრივი პროტესტის საგანი გამხდარა.

თუმცა აშკარაა, რომ საზოგადოებრივმა და სამართლებრივმა წინააღმდეგობამ ვერ შეაჩერა ტერიტორიის მიმართ არსებული ცხოველი ბიზნეს ინტერესი.

ვინ ყიდულობს თაბორის მთას?

თაბორის მთის ამ ნაწილის მიმართ ინტერესი ეკონომიკის სამინისტროში დეკემბრის ბოლოს გაგზავნილი წერილით დაფიქსირდა. მიწის ნაკვეთის გადაცემას ითხოვს და ქალაქის წინაშე თავის დამსახურებას ასაბუთებს შპს „კრწანისი როიალ რეზიდენსის“ დირექტორი, ნოშრევან ნამორაძე. ის აცხადებს, რომ ათ წელზე მეტია კრწანისში პრემიუმ კლასის ვილებსა და აპარტამენტებს აშენებს.


„მისი პროექტები უნიკალურია და თბილისში ახალ მიზიდულობის ცეტრს, „პრემიუმ ქალაქს“ აყალიბებს“. ნამორაძე ითხოვს მისი კომპანიისთვის უფრო მეტი ტერიტორიის გადაცემას, რათა შეძლოს განახორციელოს კონცეფცია, რომელიც, მისივე განცხადებით, „უნიკალურია და გამორჩეული თბილისისთვის“. ამ სუბიექტური შეფასების მიღმა, ნამორაძეს არ წარმოუდგენია არავითარი დეტალური, კვლევებით გამყარებული ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო მიწის გასხვისების აუცილებლობას დაასაბუთებდა.

ნამორაძის პროექტებით აღფრთოვანებულია ქალაქის მერი და პრემიერ-მინისტრიც. 2021 წლის  მაისის თვეში, მათ ერთობლივად გახსნეს პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი და არც ერთმანეთის მიმართ საქებარი სიტყვები დაუშურებიათ. ალბათ ამის გამოა, რომ ნამორაძეს ამ ტერიტორიების კიდევ უფრო ფართო განაშენიანებისკენ გაეხსნა გზა.

ნოშრევან (ნოშიკო) ნამორაძე, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენია. სამშენებლო ბიზნესს ის 2010 წლიდან ეწევა. ირიცხება „ქართული ოცნების“ შემომწირველთა სიაში. მისი სახელი უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული პირის, დავით კოდუას ცემასა და  მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, 2014 წელს. დანაშაულის ჩადენა მან თავად აღიარა, არაერთ მედია საშუალებასთან; ამის შემდეგ ის სასამართლომ გირაოს გადახდის გზით გაათავისუფლა.

რატომ გაუშვა ხელიდან ქალაქმა უნიკალურ ტერიტორია?

კერძო პირის მიერ სახელმწიფო ან მუნიცპალური ქონების ადვილად მოპოვების სურვილი თავისუფალი ბაზრის მკაფიო მახასიათებელია. სწორედ ამიტომ,  სახელმწიფოს მიზანია, გულდასმით შეისწავლოს  მოთხოვნა, რათა გამორიცხოს ქონების გასხვისებით საჯარო ინტერესის შელახვა. ეს პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით რეგულირდება. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცენტრალური ხელისუფლებისათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა შესაძლებელია, თუ ცენტრალური ხელისუფლება მოახერხებს ამ ქონების მისთვის გადაცემის  აუცილებლობის დასაბუთებას. კანონი უფლებას აძლევს ქალაქს, უარი თქვას ქონების გადაცემაზე საკანონმდებლო წინააღმდეგობების თუ საჯარო ინტერესის შელახვისგამო, რომელზეც ინფორმაცია, შესაძლოა, გადაწყვეტილებაზე მსჯელობის პროცესში წარმოიშვას.

მაშ, რატომ, რა  დასაბუთებით გაუშვა ხელიდან თბილისმა ქალაქისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ტერიტორია?

თბილისის მერიის გადაწყვეტილების ტექსტი მოკლეა და ბევრს არაფერს გვეუბნება მერიის არგუმენტებზე . ის მხოლოდ ქონების გადაცემის ფაქტს ადასტურებს. მოთხოვნის მიუხედავად, ვერ მოვიპოვეთ გადაწყვეტილების  სხდომის ოქმი, რომელსაც ზემოაღიშნული მსჯელობა და შესაბამისი არგუმენტაცია უნდა გამოევლინა.

არგუმენტაციის დეფიციტით გამოირჩევა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მერიაში გაგზავნილი წერილიც. დოკუმენტის თანახმად, „კომპანია ვილა რეზიდენსის პროექტის ფარგლებში უძრავი ქონების პრივატიზება უკვე თავისთავად ხელს უწყობს დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ინვესტიციების განხორციელებას. ინვესტიციების განხორციელება კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკური პროცესის განხორციელებაზე“.

აშკარაა, რომ დაინტერესებული პირის მხარდასაჭერად, ეკონომიკის სამინისტროც და ქალაქის მერიაც  გადაწყვეტილების მიღების პროცესს მხოლოდ ფორმალურად უდგება. არ ხდება გასასხვისებელი ნაკვეთის თვისობრივი შეფასება, მისი საჯარო, ეკოლოგიური და კულტურული მნიშვნელობების განხილვა და მისი გასხვისების ნეგატიური შედეგების აწონა, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. ქალაქის მთავრობას არ გამოუკვლევია ის ფაქტი, რომ ტერიტორიის პრივატიზება, „პრემიუმ კლასის“ სივრცედ ქცევა, მის ექსკლუზიას ნიშნავს და ქალაქის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს როგორც ტყის, ისე ქალაქის მნიშვნელოვანი სანახაობრივი ხედების სისტემის მისაწვდომობას შეუზღუდავს. დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ როგორც მუნიციპალური, ისე ცენტრალური ხელისუფლებისთვის პრირორიტეტი მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირის ნებაა.

სამშენებლოდ გასასხვისებელ მიწაზე მშენებლობა აკრძალულია

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უმსჯელიათ, გასასხვისებელი მიწის ნაკვეთის ფუნქციური დატვირთვა და მასზე მშენებლობის შესაძლებლობაა. თუკი რამე ცხადია ნოშრევან ნამორაძის კომპანიის წერილიდან, არის ის, რომ ბიზნესმენი ამ მიწაზე მშენებლობის დაწყებას აპირებს. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, თბილისის მერიას, სულ მცირე, იმაზე უნდა ემსჯელა, კანონმდებლობით რამდენადაა შესაძლებელი ამ ნაკვეთზე რაიმე სახის განაშენიანების დაშვება.

თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს წერილიდან ცხადი ხდება, რომ  არ არის შესაძლებელი.  დედაქალაქის მოქმედი გენერალური გეგმის მიხედვით, გასასხვისებელი ტერიტორიების 99.8% სრულად ექცევა განაშენიანების კონტურის მიღმა, რაც  ამ სივრცეში საქალაქო სამშენებლო განვითარების შეზღუდვის პირდაპირი საკანონმდებლო პირობაა.

აღნიშნული მკაფიო და ცხადია. ბუნდოვანი მხოლოდ ისაა, ეს ინფორმაცია სააგენტომ მხოლოდ ჩვენ მოგვაწოდა, თუ ქალაქის მთავრობასაც და მათ, უბრალოდ, მხედველობაში არ მიიღეს.

განაშენიანების კონტურით შეზღუდვის გარდა, ამ ტერიტორიაზე მშენებლობას მოქმედი ქალაქმშენებლობითი რეგლამენტებიც ზღუდავს.

დედაქალაქის გენერალური გეგმის მიხედვით საერთო ტერიტორიის (200.97 ჰა) 96.6%-ზე სატყეო და სარეკრეაციო ზონა ვრცელდება. ისეთი სამშენებლო ზონების წილი, რომლებშიც კანონმდებლობით განაშენიანება დასაშვებია,  ჯამურად, ტერიტორიის მხოლოდ 1 % (დაახ. 2 ჰა) იკავებს.

ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების შემზღუდავ პირობას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ ტერიტორიის 50% (100 ჰა) შედის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში, სადაც სამოქალაქო მშენებლობა მკაცრად არის აკრძალული.

ტერიტორიის დიდი ნაწილი, რთული რელიეფის გამო, სამშენებლო განვითარების კუთხით არახელსაყრელიცაა. ის დასერილია ღრმა ხევებით, სადაც სეზონური მდინარეები მოედინება, რომლებიც ღვარცოფული მოვლენებით ხასიათდება. დედაქალაქის  გენერალური გეგმის გეოდინამიკური საფრთხეების ზონირების რუკის მიხედვით, ტერიტორიის 64% (128.56 ჰა) მაღალი საშიშროების, 24% (47.63 ჰა) – საშუალო, ხოლო 12% (24.78 ჰა) დაბალი საშიშროების ზონაშია.

გასაგებია, რომ აღნიშნულ შეზღუდვებზე, სრულად ინფორმირებულნი არიან როგორც ინვესტორი, ისე სახელმწიფო უწყებები. თუმცა, ტერიტორიის გასხვისებისა და შემდეგ განაშენიანებისკენ მიმართული მათი კოორდინირებული ქმედებები მიანიშნებს, რომ მომავალში ამ ტერიტორიების დამცავი ზონების მოხსნაა დაგეგმილი.

ასევე ცხადია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ინვესტიცია ავტომატურად სარგებელს ნიშნავს, თუნდაც ინვესტიციის შედეგად ზიანდებოდეს ქალაქის ეკოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა და კერძო პირის ლიმიტირებულ ინტერესს მნიშვნელოვანი საჯარო და საზოგადოებრივი სარგებელი ეწირებოდეს.

წყარო: ღია საზოგადოების ფონდი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up