„ბოლო წლებში სატრანზიტო გზების მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯა, მოქმედი მოსაკრებელი კი 2010 წელს იყო დადგენილი“ - ასე განმარტეს ფინანსთა სამინისტროში სატრანზიტო ტრანსპორტისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებლის გაძვირების საკითხი.
„როგორც ცნობილია, გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტული ტვირთებისთვის შემოღებულია 2010 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე ქვეყანაში სწორედ 2010 წლის მდგომარეობით განსაზღვრული ოდენობა (200) ლარი მოქმედებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და საბიუჯეტო სახსრებით მნიშნელოვანი თანხები (5 მილიარდ ლარზე მეტი) მიმართა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით საგზაო ინფრასტუქტურის მოწყობაზე და დღეს ამ ინფრასტუქტურას აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გადამზიდავები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტუქტურა საერთაშრისო სტანდარების შესაბამისად, საჭიროებს მოვლა-შენახვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსები. სწორედ ამას უკავშრდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრანზიტული ტვირთებისთვის იზრდება გზათსარგებლობის საფასური 200 ლარიდან 350 ლარამდე“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროში.
ცნობისათვის, მთავრობის 7 ივნისის დადგენილების მიხედვით, საქართველოში სატრანზიტო ტრაილერისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი ძვირდება. კერძოდ, 2022 წლის 20 ივნისიდან გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი ტვირთის გადაზიდვისას ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 350 ლარი იქნება, ნაცვლად 200 ლარისა.